კანონპროექტი ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ და ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ: დეტალები

© photo: Sputnikლგბტ საწინააღმდეგო აქცია
ლგბტ საწინააღმდეგო აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2024
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლებამ ახალი ინიციატივა ოჯახური ღირებულებების და მომავალი თაობის ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მოსალოდნელი შედეგებისგან დაცვით ახსნა.
თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობამ დააინიცირა ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში და საკონსტიტუციო კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელიც კრძალავს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, სქესის შეცვლას, გენდერული მახასიათებლების განმსაზღვრელი ცნებების გამოყენების შეზღუდვას და ამ ყველაფრის პროპაგანდას.
მმართველი პარტიის განმარტებით, ინიციატივა მიმართულია ფსევდოლიბერალური ღირებულებების წინააღმდეგ, საქართველოში ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დასაცავად.
კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებების თანახმად, ქვეყნის მთავარი კანონის 30-ე მუხლს ემატება მესამე პუნქტი: „ოჯახური ღირებულებები და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს საკონსტიტუციო კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს“.
მდინარაძე: სასამართლოს წინააღმდეგ და ლგბტ-პროპაგანდის მხარდასაჭერად დიდი ფული შემოდის>>
„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ასე გამოიყურება:
1.
კანონმდებლობით შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცისა და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს.
2.
არასრულწლოვანის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ.
3.
აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა.
4.
სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება.
5.
ბათილია საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს.
6.
აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
7.
აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
8.
აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
ღარიბაშვილი: ლგბტ-პროპაგანდა არის ზღვარგადასული>>
ამ კანონპროექტების მისაღებად საჭიროა პარლამენტის დეპუტატთა სიითი შემადგენლობის 2/3-ის ხმა, ანუ მინიმუმ 113 დეპუტატი. საპარლამენტო უმრავლესობას, რომელსაც წარმოადგენს „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“, ამჟამად პარლამენტში მხოლოდ 83 ადგილი აქვს.
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ უკვე განაცხადეს, რომ ოპოზიციის მხარდაჭერის იმედი არ აქვთ. ოპონენტების მხარდაჭერის გარეშე, ამჟამინდელი პარლამენტის პირობებში, ისინი აპირებენ მიიღონ ცვლილებები კანონებში, რომლებიც იცავს ოჯახურ ფასეულობებს და კრძალავს ლგბტ პროპაგანდას, რასაც 76 ხმა სჭირდება.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0