საქართველო ევრო 2024-ზე პირველად გავიდა: ვის და როდის დაუპირისპირდება ეროვნული ნაკრები?

© AFP 2024 / Vano Shlamovსაქართველო-საბერძნეთის მატჩი
საქართველო-საბერძნეთის მატჩი - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2024
გამოწერა
ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 18 ივნისს თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
თბილისი, 27 მარტი — Sputnik. პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის გუნდის დამარცხების შედეგად საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე პორტუგალიის, ჩეხეთისა და თურქეთის გუნდებთან ერთად F ჯგუფში ითამაშებს.
ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება პენალტების სერიაში გატანილი გოლებით მოიპოვა - 4:2. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ანგარიშით 0:0 დასრულდა. ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი მატჩის გმირი გახდა.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
18 ივნისი, დორტმუნდი
საქართველო - თურქეთი
22 ივნისი, ჰამბურგი
საქართველო - ჩეხეთი
26 ივნისი, გელზენკირხენი
საქართველო - პორტუგალია
საქართველო-თურქეთის მატჩზე დასასწრები ბილეთები უკვე გაყიდვაშია - ფასი 692 ლარიდან 2.780 ლარამდეა.
მატჩის დასრულების შემდეგ ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ გულშემატკივრებს მიმართა და სთხოვა გერმანიაში წასასვლელად და გუნდის საგულშემატკივროდ „ფული გადადონ".
„მინდა ყველას მოგმართოთ და გთხოვოთ, დავზოგოთ ფული და მაისის ბოლოს ყველა გერმანიაში", - განაცხადა კაშიამ.
ეს მნიშვნელოვანია
ევრო 2024-ზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრები უეფასგან პრიზის სახით 9,25 მლნ ევროს მიიღებს. ჯგუფში ყოველი გამარჯვება გუნდს 1 მილიონ ევროს მოუტანს, ფრე კი - ნახევარ მილიონს.
პლეი-ოფში გასვლა გუნდების ბიუჯეტს 1,5 მილიონი ევროთი შეავსებს, მეოთხედფინალში - 2,5 მილიონით, ნახევარფინალში - 4 მილიონით და ფინალში გასვლა - შესაბამისად, 5 და 8 მილიონ ევროს ითვალისწინებს.
ევრო 2024-ზე ითამაშებს პორტუგალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, თურქეთის, რუმინეთის, დანიის, ალბანეთის, ავსტრიის, ბელგიის, ინგლისის, უნგრეთის, ნიდერლანდების, შოტლანდიის, ხორვატიის, სლოვენიის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, იტალიის, სერბეთის, შვეიცარიის, საქართველოს, უკრაინის და პოლონეთის გუნდები.
ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდება - გერმანია ტურნირის მონაწილე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0