პაპუაშვილი: ოპოზიციამ უცხოეთიდან შემოვლითი გზით ფულის შოვნის გზა იპოვა

© photo: Sputnik / Stringerშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2024
გამოწერა
მმართველი პარტიის განცხადებით, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია რადიკალურ ოპოზიციას თავისი ქმედებების განხორციელებაში ეხმარება.
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქართველოში, ფაქტობრივად, ყველა ოპოზიციურ პარტიას აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მეშვეობითაც ქართულ პოლიტიკაში უცხოური ფული შემოდის, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების თემა ერთ-ერთი აქტუალურია საქართველოში. მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ დასავლეთის მიერ დაფინანსებული ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფოს საზიანოდ მოქმედებს. მათი ნაწილი, „ქართული ოცნების" წარმომადგენელთა თქმით, ფიქტიურად ოპოზიციურმა პარტიებმა შექმნეს.
„პოლიტიკური პარტიების შემოვლითი გზით დაფინანსების საკითხზე ჩვენ უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ და კონკრეტული მაგალითებიც მოგვყავს... ნებისმიერი ოპოზიციური პარტია დაასახელეთ, ფაქტობრივად, ყველას აქვს ისეთი „ენჯეო“, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება", - განაცხადა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
პოლიტიკოსის თქმით, საკუთარი „ენჯეოები“, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდება, აქვთ ისეთ პარტიებს, როგორებიც არიან „დროა“, „საქართველოსთვის“, „ევროპული საქართველო“ და ა.შ.
„ჩვენ ამდენი ხანია მოვუწოდებთ საელჩოებსა და დონორ ორგანიზაციებს, რომ დააკვირდნენ ამ პროცესს და უზრუნველყონ ასეთი ტიპის დაფინანსების გამჭვირვალობა, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი ფული მიედინება პარტიაში, შეწყდეს დაფინანსება", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ეს არის არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, არამედ იმ ქვეყნების კანონმდებლობის დარღვევა, საიდანაც ეს ფული მოედინება.
როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, საბედნიეროდ, არასამთავრობო სექტორის მხოლოდ ნაწილია ასეთი სქემების მონაწილე და, მათ შორის ისინი, ვისაც პირდაპირ აქვს პრეტენზია პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებაზე.
„წესით, ისინი რეალურად აღარც შეიძლება ჩაითვალონ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებად. ეს არის მხოლოდ მცირე, მაგრამ ამავე დროს, სამწუხაროდ, ყველაზე მდიდარი ნაწილი, რომელსაც აქვს ყველაზე მეტი ფინანსური რესურსი, იმისთვის რომ ცუდი გავლენა ჰქონდეს ამა თუ იმ პროცესზე", - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოში 2023 წლის მარტში იყო მცდელობა, გამჭვირვალე გამხდარიყო არასამთავრობოების დაფინანსება, როდესაც აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის (FARA) ანალოგი უნდა მიეღოთ, მაგრამ თბილისში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების გამო ის არ იქნა მიღებული. უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ისე ზოგიერთი დასავლელი პარტნიორი.
ყველა ახალი ამბავი
0