საქართველოს პირველმა პირებმა მუსლიმებს რელიგიური დღესასწაული მიულოცეს

© Sputnik / STRINGERნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული მარნეულში
ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული მარნეულში - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2024
გამოწერა
ნოვრუზ–ბაირამი — მუსლიმებში გაზაფხულისა და ახალი წლის დადგომის დღესასწაულია, რომელიც გაზაფხულის ბუნიობის დღეს 20-21 მარტს ემთხვევა.
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ ქვეყნის მუსლიმ მოსახლეობას რელიგიური დღესასწაული ნოვრუზ ბაირამი მიულოცეს.
„ძმებო და დებო, გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს, გაზაფხულის, სიცოცხლის, განახლების დღესასწაულს. თქვენთან ერთად ვულოცავ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მარნეულში, ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქართველებსა და აზერბაიჯანელებს ერთმანეთთან განსაკუთრებული სითბო და სიყვარული აკავშირებს.
„მიხარია, რომ თქვენთან ერთად მაქვს ამ სიხარულის გაზიარების შესაძლებლობა. ჩვენ გვაკავშირებს განსაკუთრებული სითბო და სიყვარული ერთმანეთთან, ქართველებს, აზერბაიჯანელებს. ჩვენ და საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები ერთად ვქმნიდით ჩვენი ქვეყნის ისტორიას, ვქმნით ჩვენს დღევანდელ წარმატებას და შევქმნით ჩვენს ბედნიერ მომავალს. ძალიან დიდი ბედნიერებაა, რომ ჩვენ გვაკავშირებს ასეთი სიყვარული ერთმანეთის მიმართ. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ნოვრუზ ბაირამი და გისურვოთ ყველაფერი საუკეთესო, ბედნიერება, სიკეთე თქვენ და თითოეული თქვენგანის ოჯახებს. დიდი მადლობა. გილოცავთ კიდევ ერთხელ“, – განაცხადა პრემიერმა.
„ნოვრუზ ბაირამს ვულოცავ აზერბაიჯანული წარმოშობის მქონე ჩვენს თანამოქალაქეებს! ბუნების სიცოცხლის განახლების სიხარული და კეთილდღეობა მოეტანოს ყოველი თქვენგანისთვის გაზაფხულის ამ ულამაზეს დღესასწაულს!“ - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით თბილისში, როგორც მულტიკულტურულ ქალაქში, ისე მთელ საქართველოში ამ დღესასწაულს არაერთი ადამიანი აღნიშნავს.
„მინდა, მივულოცო საქართველოს ყველა მოქალაქეს და სტუმარს, ვინც დღევანდელ დღეს ზეიმობს. ეს არის ბუნების განახლების, გაზაფხულის, გამწვანების, სიცოცხლის დღესასწაული, ერთგვარი ახალი წელი, რომელიც ოჯახურ გარემოში აღინიშნება. ჩვენს მულტიკულტურულ ქალაქში და მთლიანად საქართველოში ბევრი ოჯახი აღნიშნავს ამ დღეს. ვულოცავ თითოეულ მათგანს, ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობას და ჯანმრთელობას“, – განაცხადა თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
ნოვრუზ–ბაირამი — მუსლიმებში გაზაფხულისა და ახალი წლის დადგომის დღესასწაულია, რომელიც გაზაფხულის ბუნიობის დღეს 20-21 მარტს ემთხვევა. ამ დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები საქართველოშიც იმართება. ეს დღესასწაული განსაკუთრებით აღინიშნება ქვემო ქართლში, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ეთნიკური აზერბაიჯანლები შეადგენენ.
ყველა ახალი ამბავი
0