სკანდალი ალიევის გამო: პრეზიდენტ ზურაბიშვილს ტყუილში ადანაშაულებენ

© photo: Sputnik / Stringerმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2024
გამოწერა
ზურაბიშვილის მისალოცი წერილი პრეზიდენტ ალიევის ვებგვერდზე მხოლოდ 12 თებერვალს აიტვირთა.
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით მისალოცი წერილი მხოლოდ მას შემდეგ გაუგზავნა, რაც მედიაში კამპანია დაიწყო და თან არასწორი თარიღი მიუთითეს, განაცხადა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
მანამდე საქართველოს ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ზურაბიშვილმა ალიევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა და აღნიშნეს, რომ ის ამით ქვეყნის ინტერესებს ზიანს აყენებს. რამდენიმე საათის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ოფიციალური მისალოცი წერილი ჯერ კიდევ 9 თებერვალს გააგზავნეს, თუმცა, იგი პრეზიდენტ ალიევის ვებგვერდზე მხოლოდ 12 თებერვალს გამოჩნდა.
„მას შემდეგ, რაც კამპანია აიწია წარმოუდგენელ ფაქტზე, რომ სალომე ზურაბიშვილმა მეგობარი, მეზობელი, პარტნიორი ქვეყნის, აზერბაიჯანის პრეზიდენტს არ მიულოცა, ამის შემდეგ გააყალბეს დოკუმენტი და დააწერეს ძველი რიცხვი“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, თავიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ელოდებიან აზერბაიჯანის ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს და ამიტომაც არ გააგზავნეს მისალოცი წერილი.
„შემდეგ ადმინისტრაცია ამბობს, რომ უკვე მიულოცა, ე.ი. ტყუილია. ეს ეჭვი კი არ არის, ტყუილია“, - აღნიშნა მდინარაძემ.
მტკიცებულებად მდინარაძემ ის ფაქტი მოიყვანა, რომ ზურაბიშვილის მისალოცი წერილი პრეზიდენტ ალიევის ვებგვერდზე მხოლოდ გუშინ აიტვირთა.
„ჩვენ ყველა ჯერზე ვაიძულებთ ასეთ ხალხს, რომ საქართველოსთვის იმუშაონ“, - განაცხადა მდინარაძემ.
საპრეზიდენტოარჩევნებში გამარჯვება ილჰამ ალიევს ჯერ კიდევ გასულ კვირაში მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პასუხად მთავრობის მეთაურად დანიშვნის მილოცვა მიიღო. საქართველოსა და აზერბაიჯანის პირველმა პირებმა ტელეფონით ისაუბრეს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის არჩევნები 7 თებერვალს გაიმართა. აზერბაიჯანის ცესკოს მონაცემებით, ალიევმა ხმების 92,12% მიიღო, არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 76,43% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0