თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 106 წლისაა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2024
გამოწერა
ამ დროისათვის უნივერსიტეტის შვიდ ფაკულტეტზე 25 ათასამდე მეტი სტუდენტი სწავლობს.
თბილისი, 8 თებერვალი - Sputnik. დღეს, 8 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) 106 წლის იუბილეს აღნიშნავს.
კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით, 8 თებერვალს), დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა. 1989 წელს უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის, ისტორიკოსისა და აკადემიკოსის ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.
თსუ-ს 106 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის დამფუძნებლების საფლავები ყვავილებით შეამკეს. ღონისძიებაში ვარშავის უნივერსიტეტის დელეგაციაც მონაწილეობდა.
„უნივერსიტეტის დაარსება უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოს ისტორიაში, ვინაიდან, უნივერსიტეტი იქცა არა მხოლოდ განათლების ცენტრად, არამედ, ზოგადად, მეცნიერების განვითარების მთავარ კერად მე-20 საუკუნის საქართველოში“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქართველოში უნივერსიტეტის შექმნის იდეა ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასაწყისში გაჩნდა. 1860-იან წლებში საზოგადო მოღვაწემ და მწერალმა ილია ჭავჭავაძემ ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყო და მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში მოხერხდა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის ივანე ჯავახიშვილის თაოსნობით უნივერსიტეტის გახსნის ორგანიზება.
1917 წლის მაისში თბილისში, ქართველი ქიმიკოსის პეტრე მელიქიშვილის ბინაში უნივერსიტეტის დამფუძნებელთა პირველი კრება გაიმართა. კრებას საზოგადო მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილი ხელმძღვანელობდა. ამ დღეს „ქართული თავისუფალი უნივერსიტეტის“ საზოგადოება შეიქმნა, რომელმაც ქვეყნის პირველი უმაღლესი სასწავლო დაწესებულების დაარსებაში დიდი როლი ითამაშა.
1917 წლის შემოდგომაზე საზოგადოების წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, გაეხსნათ ჯერ მხოლოდ ფილოსოფიის ფაკულტეტი, რომელიც აერთიანებდა ჰუმანიტარულ მეცნიერებებს, ასევე მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებას. უკვე დეკემბრის ბოლოს ქართულ პრესაში ქართულ უნივერსიტეტში სტუდენტთა მიღების შესახებ განცხადება გაჩნდა.
პროფესორთა საბჭომ უნივერსიტეტის პირველ რექტორად პეტრე მელიქიშვილი აირჩია, ივანე ჯავახიშვილი კი ფილოსოფიის ფაკულტეტს ჩაუდგა სათავეში.
პირველ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდნენ ისეთი დიდი პროფესორები და ლექტორები, როგორებიც იყვნენ გიორგი ახვლედიანი, კორნელი კეკელიძე, შალვა ნუცუბიძე, ელისაბედ ბაგრატიონ-ორბელიანი, დიმიტრი უზნაძე, გრიგოლ წერეთელი და მრავალი სხვა.
ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველწლიურად 200-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტი ხორციელდება. უნივერსიტეტში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად უმაღლესი პროფესიონალური პროგრამებიც მოქმედებს, ასევე მოკლევადიანი და გრძელვადიანი სასერტიფიკატო პროგრამები.
უნივერსიტეტი სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ყველა სტუდენტს აქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს გაცვლით პროგრამებში, საერთაშორისო პროგრამებში, და მიიღოს ორი დიპლომი — ქართული და საერთაშორისო.
უნივერსიტეტს აქვს 7 ფაკულტეტი, 60-მდე სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია და ცენტრი, უმდიდრესი სამეცნიერო ბიბლიოთეკა (4 მილიონამდე წიგნითა და პერიოდული გამოცემით), 7 მუზეუმი, აგრეთვე საკუთარი გამომცემლობა და სტამბა.
დღეს თსუ-ში 240 საგანმანათლებლო პროგრამაზე 25 ათასამდე სტუდენტი სწავლობს.
ყველა ახალი ამბავი
0