პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას კობახიძის ხელმძღვანელობით ნდობა გამოუცხადა

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2024
გამოწერა
საქართველოს მთავრობაში მხოლოდ ერთი ცვლილება განხორციელდა - თავდაცვის ყიფილი მინისტრი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა შეცვალა.
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მთავრობის ახალ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ნდობა 84 ხმით გამოუცხადა.
წინააღმდეგი 10 დეპუტატი იყო.
აღსანიშნავია, რომ რეგისტრაცია გაიარა 105-მა დეპუტატმა, ქვორუმი კი 76-ს შეადგენდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გახდა. ის პრემიერის პოსტზე მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ დაასახელა. იგი მთავრობის მეთაურის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს ჩაანაცვლებს, რომელმაც აღნიშნული თანამდებობა დატოვა და მმართველ პარტიას ჩაუდგა სათავეში.
კობახიძის მიერ საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილება განხორციელდა - თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა შეცვალა.
საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა:
პრემიერ-მინისტრი - ირაკლი კობახიძე;
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – გიორგი ამილახვარი;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ოთარ შამუგია;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი
თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი;
იუსტიციის მინისტრი – რატი ბრეგაძე;
კულტურისა და სპორტის მინისტრი – თეა წულუკიანი;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ზურაბ აზარაშვილი;
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;
საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი;
ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი;
შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.
ოფიციალურად, კობახიძე პრემიერ-მინისტრი მხოლოდ მას შემდეგ გახდება, რაც მის დანიშვნას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოაწერს ხელს. თუ ზურაბიშვილი კენჭისყრიდან ორ დღეში უარს იტყვის პრემიერ-მინისტრის დანიშვნაზე, ის ავტომატურად ჩაითვლება მთავრობის მეთაურად.
მინისტრობის კანდიდატები თავის თანამდებობებს პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე კობახიძის პრემიერ-მინისტრად დანიშვნიდან ორ დღეში დაიკავებენ.
უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა 29 იანვარს დატოვა, რათა მეტი დრო გაატაროს ოჯახთან და გზა დაუთმოს პარტიის სხვა ლიდერებს. ღარიბაშვილი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტზე დაინიშნა..
რაც შეეხება მთავრობის მუშაობის სამომავლო პროგრამას, ის დღეს დეპუტატებს ირაკლი კობახიძემ წარუდგინა. მან არაერთხელ განაცხადა, რომ პროგრამა 10 თვეზეა გათვლილი, ხოლო საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გამარჯვების შემთხვევაში ოთხ წელზე გათვლილ საშუალოვადიან პროგრამას წარადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0