საქართველოს უსაფრთხოება პოლიტიკური საკითხია - კობახიძე უკრაინის საელჩოს პასუხობს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliუკრაინის საელჩო საქართველოში
უკრაინის საელჩო საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2024
გამოწერა
საქართველოში უკრაინის საელჩომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება უკვე გაავრცელა.
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოს უსაფრთხოება პოლიტიკური საკითხია, თუმცა, საკითხის პოლიტიზირება არაფერ შუაშია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში უკრაინის საელჩოს განცხადებაზე კომენტირებისას.
მანამდე დიპლომატიურმა უწყებამ მოუწოდა თბილისს, თავი შეიკავოს რუსეთში საქართველოს ტერიტორიის გავლით ასაფეთქებელი ნივთიერებების ტრანსპორტირების საქმის პოლიტიზებისგან. 5 თებერვალს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაცხადა ასაფეთქებელი მოწყობილობების გადაზიდვის აღკვეთის შესახებ, რომლის ხალხმრავალ ადგილას გააქტიურება დიდ მსხვერპლს მოჰყვებოდა. გამოძიების ცნობით, ასაფეთქებელი ნივთიერებები, რომლებიც განკუთვნილი იყო მოქმედების ფართო სპექტრისთვის, საქართველოში უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის გავლით იქნა შემოტანილი და რუსეთის ქალაქ ვორონეჟში უნდა გადაეტანა.
„პოლიტიზირება არაფერ შუაშია. ისინი საფრთხეს უქმნიდნენ ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს. რა შუაშია, აქ პოლიტიზირება? ქვეყნის უსაფრთხოებაც პოლიტიკური საკითხია, მაგრამ პოლიტიზირება არაფერ შუაშია. ელჩი რომ ჰყოლოდა უკრაინას საქართველოში, ასეთ განცხადებას, ალბათ, არ გააკეთებდნენ“, - განაცხადა კობახიძემ.
2022 წლის 30 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევის შესახებ განაცხადა. მიზეზად დასახელდა დიპლომატების არასაკმარისად პროდუქტიული მუშაობა, ვინაიდან ქვეყნები, რომლებშიც ისინი მუშაობენ, არ შეუერთდნენ დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. იმავე წლის 24 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას საქართველოში უკრაინის ელჩის იგორ დოლგოვის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ამის შემდეგ, საქართველოში ელჩის მოვალეობას საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი ასრულებდა. კასიანოვმა პოსტი 2023 წლის მაისის შუა რიცხვებში დატოვა. ამჟამად ელჩის მოვალეობას ალექსანდრე შულგა ასრულებს.
დიპლომატიური უწყების განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ უკრაინის საელჩო ამოწმებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და არკვევს ყველა გარემოებას.
„ჩვენ გამოვხატავთ დაინტერესებასა და მზადყოფნას სამართალდამცავ და საქართველოს სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან კონსტრუქციული ურთიერთობისთვის, რათა გარემოებები ობიექტურად, მიუკერძოებლად და სრულყოფილად გაირკვეს და ასევე დადგინდეს რეალური ორგანიზატორები", - ნათქვამია განცხადებაში.
ასაფეთქებელი მოწყობილობების ტრანზიტის პროცესში ჩართული იყო საქართველოს შვიდი, უკრაინის სამი და სომხეთის ორი მოქალაქე. სუს-ის ვარაუდით, ტერაქტის შემთხვევაში იგეგმებოდა ისრების საქართველოზე გადმოტანა.
საქმის დეტალები
სუს-ის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობები საქართველოში უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის გავლით იქნა შემოტანილი და მათი რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ჩატანა იგეგმებოდა.
ავტომობილიდან, რომელიც მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გაჩხრიკეს, ამოღებულია ექვსი ასაფეთქებელი მოწყობილობა, ექვსი დეტონატორი, ექვსი სპეციალური გასაღები და 14 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება.
ექსპერტიზით დადგინდა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები შეიცავდა C-4 პლასტიკურ ასაფეთქებელ ნივთიერებას. თითოეულ ასაფეთქებელ მოწყობილობაში დამონტაჟებული იყო მოქმედებაში მოსაყვანი ელექტრონული ტაიმერი, რომელშიც პროგრამულად უკვე ჩაწერილი იყო მოქმედებაში მოსაყვანი დრო - 2 საათი.
დეპუტატი: უკრაინა საქართველოში ხელისუფლების ცვლილებითაა დაინტერესებული>>>
ასაფეთქებელი მოწყობილობა ელექტრომობილისთვის განკუთვნილ ორ აკუმულატორში იყო მოთავსებული, რომლებიც კონტეინერებად გამოიყენებოდა.
სუს-ის თანამშრომლებმა აღნიშნული კონტეინერებიდან ამოიღეს ასაფეთქებელი მოწყობილობები და ასაფეთქებელი ნივთიერება, კონტეინერებს დაუბრუნეს პირვანდელი სახე და ე.წ. მულაჟები განათავსეს იმ ადგილას, სადაც იპოვეს - მიზანი იყო დამკვეთებისა და შემსრულებლების იდენტიფიცირება.
გამოძიებამ დაადგინა, დამკვეთის დავალებით გეგმები შეიცვალა და პროცესში ჩართულმა პირებმა, ერთ-ერთი კონტეინერის, სადაც სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული, ქვეყნიდან გატანა სცადეს, ხოლო მეორე კონტეინერი - სამი ასაფეთქებელი მოწყობილობით თბილისში, კონკრეტულ მისამართზე დატოვეს.
სუს-ის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობების ტრანზიტის პროცესში ჩართული იყო საქართველოს შვიდი, უკრაინის სამი და სომხეთის ორი მოქალაქე.
ამ ეტაპზე საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული პირების მხილების, სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადების, გადაადგილების მარშრუტის, საბოლოო დანიშნულების ადგილის დადგენის, თავდასხმის ობიექტების იდენტიფიცირების და სამხილების მოპოვების მიზნით.
ყველა ახალი ამბავი
0