დეპუტატი: წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პერიოდში კომპანიები არაერთხელ დაჯარიმდნენ

© photo: Sputnik / Stringerწერეთლის გამზირი
წერეთლის გამზირი - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2024
გამოწერა
წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოები 2023 წლის მაისში დაიწყო. გამზირის აღდგენისა და განახლებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 28,4 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. თბილისში, წერეთლის გამზირზე ჩატარებული უხარისხო სამუშაოების, გრაფიკის ჩამორჩენის, უსაფრთხოების სტანდარტების არასათანადოდ დაცვის გამო კონტრაქტორი-კომპანიები არაერთხელ დაჯარიმდნენ, განაცხადა დედაქალაქის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გივი ჩხარტიშვილმა.
2023 წლის დეკემბერში თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის აღდგენითი სამუშაოების შესრულებაზე კონტრაქტის დასრულების ვადა 51 კალენდარული დღით - 2024 წლის იანვრის დასაწყისიდან თვის ბოლომდე გადაიტანა. ერთი დღით ადრე, 16 იანვარს თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან - R.T.D.-სთან და Millennium Builders Group-თან ხელშეკრულება გაწყვიტა. მიზეზი შესრულებული სამუშაოს უხარისხობა და შეთანხმებული ვადების შეუსრულებლობაა. ამასთან, მერიაში პირობა დადეს, რომ სამუშაოები დადგენილ ვადაში დასრულდება.
„რეაბილიტაციის პროცესში კომპანიები არაერთხელ დაჯარიმდნენ გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენის, უსაფრთხოების ნორმების არასათანადოდ დაცვის და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო. ამავდროულად, ამ კომპანიებს წარდგენილი ჰქონდათ საბანკო გარანტიები, რაც ნიშნავს, რომ ეს თანხები ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ თბილისის ბიუჯეტში ჩაირიცხება", განაცხადა ჩხარტიშვილმა.
მისი თქმით, კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება კანონიერია.
როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა აღნიშნა, ოპოზიცია აგრძელებს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას თავისი პარტიული ტელეარხებით, რითაც ცდილობს პოლიტიკური ქულების დაგროვებას.
„ტყუილზე აგებულმა პოლიტიკამ კი, ქართული ოპოზიცია რა მდგომარეობაშიც ჩააყენა, ამას საზოგადოება კარგად ხედავს და დარწმუნებული ვარ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობა ამას სათანადოდ შეაფასებს“, - განაცხადა ჩხარტიშვილმა.
კალაძე: თვითონ რომ მოგვიწიოს მუშაობა, წერეთელზე სამუშაოები იანვრის ბოლოს უნდა დამთავრდეს>>>
ოპოზიციის ნაწილმა, მათ შორის, პარტიებმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", „საქართველოსთვის" და „ლელო საქართველოსთვის", თბილისის მერი წერეთლის გამზირის აღდგენის პროექტთან დაკავშირებით კორუფციაში დაადანაშაულეს. მათ დედაქალაქის მერს „თბილისის კოშმარი“ და „ბიუჯეტის ქურდი“ უწოდეს.
წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოები 2023 წლის მაისში დაიწყო. გამზირის აღდგენისა და განახლებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 28,4 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.
წერეთლის გამზირის აღდგენა სამ ლოტად მიმდინარეობს: ორი, 22,2 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები Millennium Builders Group-მა შეასრულა, ხოლო კომპანია R.T.D. – ერთ ლოტზე იმუშავა და 9 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები ჩაატარა.
ყველა ახალი ამბავი
0