სტატუსის მიღებას უშლიდნენ ხელს - „ქართულ ოცნებაში" ოპოზიციონერი გაკიცხეს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2024
გამოწერა
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. პარტია „ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, ყოფილი დიპლომატის მამუკა გამყრელიძის განცხადება მორიგი აღიარებაა იმისა, რომ „რადიკალური ოპოზიციის" წარმომადგენლები მოუწოდებდნენ დასავლელ პარტნიორებს, არ წარედგინათ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან" გივი მიქანაძემ.
გამყრელიძემ ტელეკომპანია „მთავარი არხის" ეთერში განაცხადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრებზე ამბობდნენ, არ მიეცათ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი. „ესეც იყო, ესეც კარგად ვიცი, რადგან იქ ვიყავი... რეალურად, ძალიან ბევრ რამეს ვაფუჭებთ ჩვენ თავად", - განაცხადა გამყრელიძემ.
„მამუკა გამყრელიძისგან პირდაპირ ეთერში მოვისმინეთ მორიგი აღიარება, რომ ოპოზიციის რადიკალური ფრთის წარმომადგენლები პირდაპირ მოუწოდებდნენ დასავლურ პარტნიორებს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიეცათ. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რასაც ჩვენ ორი წლის განმავლობაში ვამბობდით. მამუკა გამყრელიძის ეს მორიგი აღიარება კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რამდენად მიუღებელი იყო „ნაციონალური მოძრაობისთვის" და მისი შენაერთებისთვის კანდიდატის სტატუსის მიღება", - განაცხადა მიქანაძემ.
„ქართული ოცნება" „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებს პარტიებს – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „ლელო საქართველოსთვის", „სტრატეგია აღმაშენებელი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა", „საქართველოსთვის".
მმართველი პარტიის მეორე დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ადრე თუ გვიან ოპოზიციის ქმედებები ყველასთვის ცნობილი გახდება.
„ამას საგულდაგულოდ მალავდა ოპოზიცია, ცდილობდა არ წარმოეჩინა. ხელისუფლების მხრიდან (ოპოზიციის მიზნებზე - რედ.) საჯაროდ საუბარი ხშირად გამხდარა კრიტიკის საგანი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველასთვის გასაგებია, რომ ეს არ არის ახალი ამბავი. თვითონ ოპოზიციამ გადასარევად იცის, ყველამ უკლებლივ, ვინ დადიოდა და რას აკეთებდნენ, რომ ხელი შეეშალათ რამენაირად ქვეყნისთვის წარმატებაში", - განაცხადა სარჯველაძემ.
„ქართულ ოცნებას“ ოპოზიციასთან თანამშრომლობის იმედი არ აქვს>>
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავიანთი კოლეგების ქმედებებზე ისაუბრეს. უფრო ადრე დეპუტატმა, ოპოზიციური „რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ, საქართველოს დასავლელი პარტნიორების ინფორმაციით, ზოგიერთი ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საზღვარგარეთ ვიზიტების დროს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოდიოდა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტების" წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ მას შეუძლია დაადასტუროს, რომ პარტნიორებში გარკვეული შეშფოთებაა, როდესაც ოპოზიცია კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საპირისპირო მოსაზრებას გამოთქვამს.
მისი თქმით, ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის წარდგენა რომელიმე პარტიის შიდა საქმე არ არის. ესაა ქვეყნის გამტკიცების საკითხი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან ერთიანი გზავნილი გადიოდეს. თუ ვინმეს განსხვავებული მოსაზრება აქვს. ამის შესახებ ღიად და საჯაროდ უნდა ილაპარაკოს, თან არგუმენტირებულად, აღნიშნა დეკანოიძემ.
სამნიძის სკანდალური განცხადება: დროა პოლიტიკოსებმა საკუთარი პოზიცია საჯაროდ დააფიქსირონ>>
ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების შესახებ 14 დეკემბერს გამოაცხადა. გადაწყვეტილებას მხარი ევროკავშირის ყველა, 27–მა ქვეყანამ დაუჭირა.
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები 2006 წლიდან განვითარდა. განსაკუთრებით მჭიდრო ეს ურთიერთობები 2009 წელს გახდა, როდესაც საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის მონაწილე გახდა.
პროგრამის ფარგლებში 2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.
2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ვიზიტებზე ვიზები გააუქმა.
2022 წლის 3 მარტს კი საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირში განაცხადი შეიტანა.
საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების გეგმა გამოაქვეყნა>>
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია 2023 წლის 8 ნოემბერს გასცა.
ყველა ახალი ამბავი
0