ოპოზიციას უნდა, წერეთლის გამზირის აღდგენა დანაშაულად აქციოს - კალაძე

© political party "Georgian Dream"კახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2024
გამოწერა
კალაძეს „თბილისის კოშმარი" და „ბიუჯეტის სახსრების ქურდი" უწოდეს.
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ე.წ. პოლიტიკოსები პროპაგანდას ეწევიან და ცდილობენ, წერეთლის გამზირის აღდგენის პროექტი დანაშაულად აქციონ, ამასთან ყველაზე მეტს უიღბლოები ხმაურობენ, რომლებსაც თავად არაფერი გაუკეთებიათ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომის დასაწყისში.
ოპოზიციის ნაწილმა, რომელთა შორის არიან პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „საქართველოსთვის", „ლელო საქართველოსთვის", თბილისის მერი, წერეთლის გამზირის აღდგენის პროექტთან დაკავშირებით, კორუფციაში დაადანაშაულა. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ მერიის მიერ ორგანიზებული პროექტი არასწორად იყო ორგანიზებული, რაც უამრავ კითხვას იწვევს როგორც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებში, ისე საზოგადოებაში. კალაძეს მათ „თბილისის კოშმარი" და „საბიუჯეტო სახსრების ქურდი" უწოდეს.
„დღეს ისეთი პროპაგანდა მიდის, რომ ეს სამუშაოები – აღმშენებლობა, განვითარება ერთგვარ დანაშაულად უნდათ აქციონ. ვინ არიან ესენი? ვინ ხმაურობს ყველაზე მეტს? ესენი არიან ხელმოცარული ე.წ. პოლიტიკოსები, რომლებსაც არაფერი გაუკეთებიათ ცხოვრებაში", - განაცხადა კალაძემ.
როგორც მერმა აღნიშნა, ქალაქის ხელისუფლებამ თავის თავზე აიღო დიდი პასუხისმგებლობა, როცა ფუნდამენტურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს თბილისში. თანაც ისე არა, როგორც ამას წინა ხელისუფლება აკეთებდა - ზერელედ.
„რა თქმა უნდა, ხალხს მოლოდინი ჰქონდა და აქვს, რომ ჩვენ განვახორციელებთ პროექტებს, რეფორმებს, მაგრამ არა ისე, როგორც წინა ხელისუფლების დროს აკეთებდნენ – მივიდოდნენ რაღაც ფასადურად, ზედაპირულად გააკეთებდნენ, გახსნიდნენ და ქულებს იწერდნენ – არამედ ფუნდამენტურად, საფუძვლიანად, რომ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს, ათეულ წლებს გაუძლოს პროექტებმა, რომლებსაც ვახორციელებთ", - განაცხადა კალაძემ.
მერის თქმით, ნათელია, რომ ასეთი მასშტაბის სამუშაოების ჩატარებისას ჩნდება სირთულეები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებით, მაგრამ ამის გარეშე შეუძლებელია, მაგალითად, ჟანგიანი მილების შეცვლა, რომლითაც წერეთლის გამზირის მოსახლეობას მიეწოდებოდა წყალი.
კალაძე: თვითონ რომ მოგვიწიოს მუშაობა, წერეთელზე სამუშაოები იანვრის ბოლოს უნდა დამთავრდეს>>
მერის თქმით, ზოგიერთი პოლიტიკოსის ქცევა, რომელსაც ის გუშინ ადევნებდა თვალს, მათი ისტერიკა, მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, თუ სად იმყოფებიან ისინი.
„არ ვიტყვი იმ სიტყვას, სადაც იმყოფებით, მაგრამ დარჩებით მანდ, ეს არის თქვენი ბუნებრივი ადგილი", - განაცხადა კალაძემ.
მერის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოება მათ შესაბამის პასუხს გასცემს.
„თქვენ ხართ უსამშობლო ადამიანები, რომლებსაც ინტერესი არ აქვთ ქვეყნის განვითარების. ინტერესი არ აქვთ, რომ ქვეყანაში მშვიდობა იყოს შენარჩუნებული და მოხდეს ეკონომიკური განვითარება. ამის თქმის საფუძველს მაძლევს თქვენი ბინძური განცხადებები", - განაცხადა კალაძემ.
ყველაზე მეტად ვისაც ჰქონდა ისტერიკა, ეს იყო კოლექტიური „სანაცეთი" და „ხანდაზმული თაღლითების" წარმომადგენლები, განაცხადა მერმა.
„კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას" „ქართული ოცნების" წარმომადგენლები უწოდებენ პარტიებს – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „ლელო საქართველოსთვის", „სტრატეგია აღმაშენებელი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა", „საქართველოსთვის".
როდის გაიხსნება წერეთლის გამზირი? თბილისის მერიის განმარტება>>
დედაქალაქის მერიამ 2023 წლის დეკემბერში წერეთლის გამზირის აღდგენის პროექტის ვადები 51 კალენდარული დღით გადაწია - 2024 წლის იანვრის ბოლომდე. იანვრის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ მერიამ კონტრაქტი გაწყვიტა ორ კომპანიასთან R.T.D. და Millennium Builders Group. ამის მიზეზი ჩატარებული სამუშაოების ცუდი ხარისხი და დათქმული ვადებთან შეუსაბამობაა. მერიაში განაცხადეს, რომ გამზირზე საავტომობილო მოძრაობა მაინც დაპირებულ დროს - იანვრის ბოლოს აღდგება.
წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოები 2023 წლის მაისში დაიწყო. გამზირის აღდგენისა და განახლებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 28,4 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.
ყველა ახალი ამბავი
0