ახალი რეკორდი - ვიცე-პრემიერი საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაზე

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.01.2024
გამოწერა
საერთაშორისო მოთამაშეები საქართველოს იყენებენ, როგორც დამაკავშირებელ რგოლს სხვადასხვა მნიშვნელოვან ეკონომიკებსა და ბაზრებს შორის, მიაჩნია ვიცე-პრემიერს
თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლები ზედიზედ მესამე წელია რეკორდულად მაღალია, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წელს ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2022 წელთან შედარებით 12,5%-ით გაიზარდა და 21,5 მილიარდი დოლარი შეადგინა.

„საგარეო ვაჭრობის კუთხით, 2021 წლიდან დღემდე საქართველოში მესამედ რეკორდულად მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება. საგარეო ვაჭრობის მიმართულებით ახალი რეკორდი დამყარდა – 2023 წელს 9,1%-ით გაიზარდა და 6,1 მილიარდი დოლარი გახდა ექსპორტი, იმპორტი 14%-ით გაიზარდა და 15,4 მილიარდი დოლარი შეადგინა“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ სექტორებში ბევრი სირთულე და გარკვეული შეფერხებები იყო. საქონელბრუნვის მონაცემები იმედს იძლევა, რომ დადებითი ტენდენციები 2024 წელსაც გაგრძელდება.
დავითაშვილი საქართველოს საგარეო ვაჭრობის ზრდას მაღალ ეკონომიკურ აქტივობას უკავშირებს.
მისი თქმით, საქართველო რეალურად გამოიყენება საერთაშორისო მოთამაშეების მიერ, როგორც დამაკავშირებელი რგოლი სხვადასხვა მნიშვნელოვან ეკონომიკებსა და ბაზრებს შორის.
საგარეო სავაჭრო ბრუნვა კვლავ იზრდება - ვისთან ვაჭრობს საქართველო >>
„ამიტომ, ექსპორტის ოპერაციები იყო ისტორიულ პიკზე. საქართველო არის ასეთი თავისუფალი, გახსნილი პლატფორმა სავაჭრო ურთიერთობებისთვის და ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ გვქონდეს პროგრესი საგარეო ვაჭრობის კუთხით“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ქართული ეკონომიკის წარმატებების მიუხედავად, გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მეტი ადგილობრივი პროდუქტის წარმოება უნდა შევძლოთ, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება და ექსპორტის მიმართულებით ესეც მოგვეხმარება.
ყველა ახალი ამბავი
0