შსს ნატა ფერაძის სახლთან შეკრებილებს მოუწოდებს, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს

© photo: Sputnik / Stringerპროტესტი ფერაძის სახლთან
პროტესტი ფერაძის სახლთან - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2024
გამოწერა
თბილისი, 10 იანვარი - Sputnik. საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, სამართალდამცველები სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის საცხოვრებელ სახლთან არიან მობილიზებულები. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დღეს ულტრამემარჯვენე პარტია „კონსერვატიული მოძრაობის" მომხრეები საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ აქტივისტი ნატა ფერაძის სახლთან, რომელმაც გუშინ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს, რომლის ფრაგმენტზეც იოსებ სტალინია გამოსახული, სამების ტაძარში საღებავი შეასხა.
შსს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.

„სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ადგილზე ვითარება პერიოდულად იძაბება და შეკრებილები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
თავად ფერაძემ აქციაზე კომენტარი სოციალურ ქსელში გააკეთა. „ალტინფო მოდისო, ხაჭაპურებს ვაცხობ", დაწერა ფერაძემ და დასძინა, რომელი ხაჭაპური გირჩევნიათ, იმერული თუ გურული?
წმინდა სამების საკათედრო ტაძარში წარმოდგენილი წმინდა მატრონა მოსკოველის ხატი, რომლის ერთ-ერთ ფრაგმენტზე საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინია გამოსახული, ქართულ საზოგადოებაში კონფლიქტის საგანი გახდა და ნამდვილი სკანდალი გამოიწვია.
სკანდალი ხატთან დაკავშირებით - თბილისში ვანდალიზმის შემდეგ საპროტესტო აქცია დაიწყო - ვიდეო>>
საუბარია ხატწერისთვის დამახასიათებელ ფრაგმენტებზე, რომლებიც ძირითადი ხატის ერთგვარ განმარტებებს ან კომენტარებს წარმოადგენს მცირე სიუჟეტების სახით.
საზოგადოებაში მღელვარება მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა შობის წინა დღეს გამოაქვეყნა ვიდეო სამებიდან, სადაც ხატის ერთ-ერთ სიუჟეტურ ფრაგმენტზე გამოსახულია სტალინი. თავის პოსტში ოპოზიციონერმა სტალინს საქართველოს დამოუკიდებლობის განადგურების ინიციატორი, ათასობით სამღვდელო პირის მკვლელი და საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის შემქმნელი უწოდა.
როგორც აღმოჩნდა, წმინდა მატრონას ხატი სამების ტაძარში პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა დააბრძანეს.
ყველა ახალი ამბავი
0