ცინცაძე: საქართველომ ინფლაციის მოთოკვა შეძლო

© photo: SputnikМинистерство экономики
Министерство экономики - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2024
გამოწერა
თბილისი, 3 იანვარი —Sputnik. გასულ წელს საქართველომ შეძლო არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება, არამედ ინფლაციის მოთოკვა და მიზნობრივ 3%-იან ნიშნულზე ქვემოთ ჩამოყვანა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
ცინცაძის თქმით, ამ მხრივ საქართველო რეგიონსა და ევროპაში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდა.
ასეთი კომენტარი მან „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე გააკეთა 2023 წლის სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებთ.
„2024 წელს ველოდებით, რომ ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან ნიშნულთან ახლოს შენარჩუნდება. აღნიშნულს ასევე ხელს შეუწყობს ის გადაწყვეტილება, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ იქნა მიღებული სემეკის მიერ ელექტროენერგიის ტარიფის შემცირების მიმართულებით, რომელიც პოზიტიურ გავლენას იქონიებს საზოგადოების ფართო ფენებსა და მათ შორის, კერძო სექტორის წარმოების ხარჯების შემცირებასა და კონკურენტუნარიანობაზე. ჩვენი მოლოდინია, რომ 2024 წლის განმავლობაში ფასების დონე იქნება სტაბილური“, — განაცხადა ცინცაძემ.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, ინფლაციის შემცირება და მიზნობრივ დონეზე ქვემოთ ჩამოყვანა შესაძლებელი გახადა საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიზანდასახულმა და თანმიმდევრულმა ეკონომიკურმა და მონეტარულმა პოლიტიკამ, რამაც ფაქტობრივად საქართველოს საშუალება მისცა, ყოფილიყო ერთ-ერთი ლიდერი ინფლაციის შემცირების მიმართულებით.
მანამდე სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმადაც 2023 წლის დეკემბერში ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.4% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0