გაეცანით სქემას: თბილისის ცენტრში ხვალიდან ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2023
გამოწერა
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 23 დეკემბრის 07:00 საათიდან 2024 წლის 4 იანვრის 23:00 საათამდე ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.
უწყების ცნობით, შეზღუდვის მიზეზი საახალწლო ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოები და ღონისძიების მიმდინარეობის პროცესია.
კერძოდ, „მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან ჯავახიშვილის ქუჩაზე ამომსვლელი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეიზღუდება მარჯვენა მხრიდან, რესპუბლიკის მოედნისკენ. შესაბამისად, ავტომობილები მოძრაობას მხოლოდ კოსტავას ქუჩის მიმართულებით შეძლებენ.
31 დეკემბრის 09:00 საათიდან ღონისძიების დასრულებამდე (2024 წლის 1 იანვრამდე), ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება ორმხრივად - რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან პირველი რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე.
უწყების ინფორმაციით, შეზღუდვის პერიოდში, ალექსანდრე ინაშვილისა და შოთა მესხიას ქუჩებიდან ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით. რუსთაველის გამზირიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ რევაზ ლაღიძის, რევაზ თაბუკაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით.
თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან, კერძოდ, მელიქიშვილის გამზირიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება გიორგი შენგელაიას, თამარ ჭოველიძის, ბესარიონ ბელინსკის, კოტე მაყაშვილისა და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩების გამოყენებით, ხოლო ვასილ ბარნოვის ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეიზღუდება ძმები კაკაბაძეების ქუჩის მიმართულებით.
როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც. ავტობუსი N308 გალაკტიონის ხიდიდან მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით გააგრძელებს და დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას, ხოლო N359 ავტობუსი მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით.
მიკროავტობუსი N457 ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით, საიდანაც დაუკავშირდება რევაზ ლაღიძის ქუჩას და რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნებით, სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებს.
ყველა ახალი ამბავი
0