რას მიაღწია „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირისკენ გზაზე - წულუკიანის პასუხი

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოსა და ევროკავშირის დროშები
საქართველოსა და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2023
გამოწერა
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხელისუფლება ერთადერთია ქვეყნის უახლეს ისტორიაში, რომელმაც ევროინტეგრაციის გზაზე ყველაზე საგრძნობ შედეგებს მიაღწია, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დათქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას. ნაბიჯებს შორისაა თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება, დეპოლარიზაცია და სხვ.

„კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში არის ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც შეძლო ევროპისა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ქართველი ერისთვის ყველაზე მეტი ხელშესახები შედეგის დადება", - განაცხადა წულუკიანმა.

„ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველომ ევროკავშირთან ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, მიიღო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი, ახლა უკვე მიღებულია სტატუსთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
„ის გადაწყვეტილება, რომელიც უკვე ბრიუსელში იქნა მიღებული, არის მრავალი თაობის ნატვრისა და სულისკვეთების აღსრულება და ეს არის უმნიშვნელოვანესი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 15 დეკემბერს ეს გადაწყვეტილება საბოლოო ფორმას აუცილებლად მიიღებს. ჩვენც გვაქვს ამის საფუძვლიანი რწმენა", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, „ქართული ოცნება", როგორც პროდასავლური ძალა, რომელიც ხალხის ნებას ასრულებს, გააგრძელებს ევროპული გზით სვლას.
„ეს ნება ყოველთვის ისტორიულად ეკუთვნოდა ევროპულ არჩევანს", - განაცხადა წულუკიანმა.
საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი მხარს დაუჭერს ევროკომისიის გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღებენ.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები 2006 წლიდან განვითარდა. განსაკუთრებით მჭიდრო ეს ურთიერთობები 2009 წელს გახდა, როდესაც საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის მონაწილე გახდა. პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ექვს ქვეყანასთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან.
პროგრამის ფარგლებში 2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.
ევროკომისიის პირობების შესრულების სამოქმედო გეგმა მზადაა - პრემიერის კომენტარი>>
2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ვიზიტებზე ვიზები გააუქმა.
2022 წლის 3 მარტს კი საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირში განაცხადი შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
ყველა ახალი ამბავი
0