ბეჟაშვილი: სხვისი ხუშტურის გამო „ნაცმოძრაობა" ახალ არჩევნებს არ ჩაატარებს

© courtesy of Levan Bezhashviliლევან ბეჟაშვილი
ლევან ბეჟაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2023
გამოწერა
პოლიტიკოსის თქმით, პარტიის თავმჯდომარის მომავალი არჩევნები 2025 წელს გაიმართება
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდება წესდებით განსაზღვრულ ვადაში და ახალი არჩევნები არ დაინიშნება წაგებული კანდიდატის ახირების გამო, განაცხადა „ნაცმოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა.
„ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის გადადგომა და ახალი არჩევნების დანიშვნა „ნაცმოძრაობის" რიგი რაიონული ორგანიზაციებისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა მოითხოვეს. ისინი ხაბეიშვილს მოუწოდებენ პასუხისმგებლობა აიღოს პარტიაში არსებულ უმოქმედობასა და გაღრმავებულ შიდა დაპირისპირებაზე, რაც განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც მან აღნიშნულ თანამდებობაზე ნიკა მელია შეცვალა.
„კამპანიას, რომელსაც ნიკა მელიას შტაბის ცალკეული წევრები ატარებენ, სასაცილოა... წაგებული კანდიდატის ხუშტურზე პარტიაში, ყოველ სამთვეში ახალი არჩევნები ვერ ჩატარდება. წესდებით განსაზღვრულია, რომ პარტიის თავმჯდომარის მომავალი არჩევნები 2025 წლის იანვარში გაიმართება", - განაცხადა ბეჟაშვილმა.
იმის შესახებ, რომ ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აღარ არის, ლევან ხაბეიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში 26 ნოემბერს განაცხადა და ჟურნალისტ ვახო სანაიას ეს წერილობით დაუდასტურა. მეორე დღეს, ორშაბათს, პარტიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა იმის თაობაზე, რომ მელია ენმ-ის წევრი აღარ არის და აღნიშნული საკითხი საბოლოოდ დაიხურა.
„ნაცმოძრაობა“ დაშლის პირასაა - რეაქციები მელიას გარიცხვაზე>>>
პარტიიდან მელიას გარიცხვას წინ უძღოდა მელიასა და მისი მომხრეების უარი, ხელი მოეწერათ „ნაცმოძრაობის" ე.წ. ერთიანობის მანიფესტზე. მანიფესტი ექს–პრეზიდენტის, პარტიის დამფუძნებლის, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა იყო.
განხეთქილება „ნაცმოძრაობაში"
„ნაციონალურ მოძრაობაში" კონფლიქტზე საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ დაიწყეს. 2023 წელს შიდაპარტიული არჩევნები ლევან ხაბეიშვილმა მოიგო, რომელმაც ნიკა მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში პასიურობაში დაადანაშაულა. მელია, თავის მხრივ, ხაბეიშვილს ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მარიონეტს უწოდებს.
მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.
ალეკო ელისაშვილმა ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიას გარიცხვის გამო გააკრიტიკა>>>
უფრო მეტიც, თავად ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის მთავარი ლიდერი არის სააკაშვილი. როდესაც ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას იღებდა, მხოლოდ იმ პირობებით, რომ სააკაშვილი პატიმარია. თავის მხრივ, „ნაცმოძრაობის“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ სააკაშვილი ყოველთვის იყო, არის და იქნება გამაერთიანებელი პოლიტიკური ფიგურა.
ამავე დროს, ოფიციალურად სააკაშვილი პარტიის წევრიც არ არის. მას ამის უფლება არა აქვს, რადგან საქართველოს მოქალაქე არ არის. მან საქართველოს მოქალაქეობა წლების წინ დაკარგა, როდესაც უკრაინის მოქალაქე გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0