საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი: მმართველი პარტიის მთავარი არგუმენტები

  - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2023
გამოწერა
მმართველმა პარტიამ იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყო მას შემდეგ, რაც კონსტიტუციის დარღვევამ სისტემატური ხასიათი მიიღო, აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი პასუხისმგებლობის გამოხატულებაა – კონსტიტუციის დარღვევა არ შეიძლება უპასუხოდ დარჩეს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იმპიჩმენტის პროცედურის საკითხთან დაკავშირებული მოსმენების გახსნისას.
ზურაბიშვილის იმპიჩმენტს საფუძვლად დაედო საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუციის დებულება პრეზიდენტის უფლებამოსილების შესახებ და სამი უცხოური საგარეო ვიზიტი მთავრობის თანხმობის გარეშე განახორციელა.

„ჩვენ დღეს ვმოქმედებთ იმ პასუხისმგებლობით, რომელიც გვაკისრია საქართველოს კონსტიტუციის წინაშე. ჩვენი პასუხისმგებლობა იყო და არის – არ დავტოვოთ კონსტიტუციის არცერთი უხეში დარღვევა რეაგირების გარეშე და იმპიჩმენტის პროცედურა, რომელიც დღეს წარიმართება, არის სწორედ ამ პასუხისმგებლობის გამოხატულება“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის შესახებ მოსმენებს ოპოზიცია თითქმის არ ესწრება, სხდომის გახსნამდე რეგისტრაცია მხოლოდ 88 დეპუტატმა გაიარა, მაშინ როდესაც იმპიჩმენტის გამოცხადებისთვის 100 ხმაა საჭირო.
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის სხდომათა დარბაზში იმყოფება და საქართველოს პრეზიდენტის ტრიბუნას იკავებს. სხდომის დასაწყისში მას, როგორც პრეზიდენტს, ფეხზე ამდგარი მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლები მიესალმნენ.
საქართველოს პრეზიდენტი „რადიკალურ ოპოზიციასთან“ შეთანხმებულად მოქმედებს - კობახიძე >>
კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ მმართველმა პარტიამ იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყო მას შემდეგ, რაც კონსტიტუციის დარღვევამ სისტემატური ხასიათი მიიღო.
„შარშან, 2022 წელს მან ასევე დაარღვია უხეშად საქართველოს კონსტიტუცია, ამასთან დაკავშირებით ჩვენ პოლიტიკური განცხადებები გავაკეთეთ, აღვნიშნეთ ის ფაქტი, რომ ის უხეშად არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას, თუმცა მაშინ არ აღვძარით იმპიჩმენტის პროცედურა, მაგრამ როდესაც უკვე ამ დარღვევამ მიიღო სისტემატური ხასიათი, ჩვენ სხვა გზა უბრალოდ აღარ დაგვრჩა“, – განაცხადა კობახიძემ.
კონსტიტუციის დარღვევა - არგუმენტები
კობახიძემ საკითხის იურიდიულ მხარესთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს იყო უმარტივესი სამართლებრივი კაზუსი, და დასძინა, რომ მუხლი პრეზიდენტის უფლებამოსილებების შესახებ განსაზღვრავს, რომ პრეზიდენტი ვალდებულია განახორციელოს ვიზიტები მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემდეგ.
„სალომე ზურაბიშვილი რეგულარულად ითხოვდა მთავრობისგან თანხმობას. როცა ის გერმანიაში მიდიოდა ვიზიტით, ითხოვა თანხმობა, თუმცა მთავრობამ მას თანხმობა არ მისცა, ამის მიუხედავად ის მაინც გაემგზავრა როგორც გერმანიაში, ისე საფრანგეთში, ბრიუსელში, რითაც საქართველოს კონსტიტუცია დაირღვა. ეს არის უმარტივესი კაზუსი“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ პრეზიდენტმა კარგად იცოდა, რომ კონსტიტუციას არღვევდა.

„ეს სამი ვიზიტი პრეზიდენტმა ბიუჯეტიდან არ დააფინანსა. თუ ლეგიტიმური იყო, რატომ არ გასწია ბიუჯეტიდან ხარჯები?“ – განაცხადა კობახიძემ.

კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ პრეზიდენტი შეგნებულად არღვევდა კონსტიტუციას, იყო მის მიერ ლიეტუვაში გაკეთებული განცხადებები. ზურაბიშვილმა იქ განაცხადა, რომ ფორმალურად არ იყო უფლებამოსილი, სამუშაო ვიზიტი განეხორციელებინა.
საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი - რა მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ >>
გარდა ამისა, მან მაგალითად მოიყვანა წერილი ბელგიის მეფისადმი, სადაც ზურაბიშვილი მას სწერდა, რომ ვიზიტს ხელისუფლების თანხმობის გარეშე ვერ განახორციელებდა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტს „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციური ფრაქციის იმედი ჰქონდა და იცოდა იმპიჩმენტის ჩავარდნის შესახებ.
„ზუსტად იცოდა, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერის გარეშე ის არ იქნებოდა გადაყენებული პრეზიდენტის თანამდებობიდან. შესაბამისად, მას ჰქონდა გარანტიები“, – განაცხადა კობახიძემ.
ძალების გადანაწილება კენჭისყრამდე
იმპიჩმენტის ინიციატორია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომელსაც მის მხარდამჭერ პოლიტიკურ ჯგუფ „ხალხის ძალასთან“ ერთად პარლამენტში ჯამში 84 ხმა აქვს.
პრეზიდენტი ჩაითვლება გადაყენებულად, თუ დადგენილებას მხარს მინიმუმ 100 დეპუტატი დაუჭერს.
დღეისათვის იმპიჩმენტის მხარდაჭერის შესახებ ღიად განაცხადა მხოლოდ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ჯგუფმა „ევროპელი სოციალისტები“.
იმპიჩმენტის წინააღმდეგ გამოდიან ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და პოლიტიკური ჯგუფები: „ლელო საქართველოსთვის", „ევროოპტიმისტები", „საქართველოსთვის" და „რეფორმების ჯგუფი". ამ დროისათვის საკუთარი პოზიცია ოფიციალურად არ დაუფიქსირებიათ პოლიტიკური ჯგუფების „გირჩისა" და „თავისუფლების", ასევე დამოუკიდებელი დეპუტატების უმრავლესობას.
იმპიჩმენტის საკითხზე პროცედურა იქნება ფარული – დეპუტატების ვინაობა, რომლებიც ზურაბიშვილის გადაყენებას მისცემენ ხმას, კენჭისყრის შემდეგ უცნობი დარჩება.
ყველა ახალი ამბავი
0