მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გაზარდა

© AP Photo / Andrew Harnikმსოფლიო ბანკი ვაშინგტონში
მსოფლიო ბანკი ვაშინგტონში - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2023
გამოწერა
მსოფლიო ბანკის მოლოდინია, რომ ინფლაცია წლის ბოლოს მიზნობრივი დონის (3%) ქვევით აღმოჩნდება და 2,3%-ს შეადგენს.
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2023 წლის მშპ-ის ზრდის პროგნოზი 4,4%-დან 5,9%-მდე გაზარდა. ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.
მსოფლიო ბანკმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის მიმოხილვა გამოაქვეყნა, სადაც წარმოდგენილია რეგიონისა და მასში შემავალი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები.
აპრილის ანგარიშში მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2023 წლის მშპ-ის ზრდის პროგნოზი 4%-დან 4,4%-მდე გაზარდა.

„2023 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკამ კარგი შედეგები აჩვენა: ზრდამ შეადგინა 7,6% (წლიური გაანგარიშებით), ხოლო 2023 წლის პროგნოზი მთლიანობაში 5,9%-ის დონეზეა", – ნათქვამია ანგარიშში.

მსოფლიო ბანკი ელოდება, რომ ინფლაცია წლის ბოლოს მიზნობრივი დონის – 3%-ის ქვევით აღმოჩნდება და 2,3%-ს შეადგენს, 2024 და 2025 წლებში – შესაბამისად, 2,5%-სა და 3%-ს.
მსოფლიო ბანკი 2024-2025 წლებში საქართველოს მშპ-ის ზრდას 5%-მდე ელოდება. კერძოდ, 2024 წელს – 4,8%-ს, ხოლო 2025 წელს – 4,5%-ს, რასაც ხელს შეუწყობს აქტიური ინვესტიციები და ტურიზმი.
„მოსალოდნელია, რომ ფულად-საკრედიტო პოლიტიკა შერბილდება ეკონომიკური ზრდის მხარდასაჭერად, ამასთან ის შეინარჩუნებს სიფრთხილეს. სიღარიბის შემცირების პერსპექტივები დადებითია", – ნათქვამია ანგარიშში.
როგორ გაუმკლავდა გამოწვევებს საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი - მინისტრის პასუხი>>
მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ სიღარიბის საერთო დონე განაგრძობს შემცირებას და 2024 წელს 45,2%-ს, ხოლო 2025 წელს 42,1%-ს მიაღწევს, რაც განპირობებული იქნება ხელფასების ზრდითა და შრომის ბაზარზე ვითარების გაუმჯობესებით.
შენარჩუნებულია არსებითი რისკები უკრაინის მოვლენების ფონზე. ფულის ნაკადების უფრო სწრაფი შემცირება, ტურიზმის ნაკადის შემცირება, მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრება განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ან მსოფლიო ფასების ზრდა ნედლეულზე – ამან შეიძლება შეანელოს ეკონომიკური ზრდა, ზეწოლა მოახდინოს ვალუტაზე და გაზარდოს ვალის დონე და დაფინანსების მოთხოვნილება.
„სავალუტო შეუსაბამობები დოლარიზაციის გამო და მაღალი გაცვლითი კურსის ზემოქმედება ასევე გააღრმავებს ვალუტის გაუფასურების მოწყვლადობას. დადებითი მომენტია ის, რომ ფულადი გადმორიცხვების შემოდინება შეიძლება მოსალოდნელზე უფრო ძლიერი გახდეს, რაც ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას გამოიწვევს", – ნათქვამია ანგარიშში.
სხვა პროგნოზები
საქართველოს მთავრობამ სექტემბრის მეორე ნახევარში ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 5%-დან 6,5%-მდე გაზარდა.
„ძალიან დიდი ნახტომია" - პრემიერი ეკონომიკის ზრდაზე>>
აგვისტოში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2023 წელს 5-დან 6%-მდე გაზარდა.
ეს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის უკვე მეორე გადახედვაა. 11 მაისს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2023 წელს მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა 2022 წელთან შედარებით 5%-მდე გაზარდა. თავდაპირველად ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტი პროგნოზირებდა, რომ საქართველოს მშპ 4%-ით გაიზრდებოდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის ზრდას 2023 წელს 4%-ის დონეზე ვარაუდობს. აზიის განვითარების ბანკი ვარაუდობს, რომ 2023 წელს საქართველოში ეკონომიკა 6%-მდე გაიზრდება.
ყველა ახალი ამბავი
0