რამ გადაარჩინა საქართველო დამანგრეველი მიწისძვრისგან? სეისმოლოგის განმარტება

CC BY-SA 2.0 / Ken Lund / Seismographsსეისმოგრაფი
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2023
გამოწერა
სპეციალისტი მოხარულია, რომ ასეთი მიწისძვრა წვიმების სეზონზე არ მოხდა.
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველო 24 სექტემბერს დამანგრეველ მიწისძვრას გადაურჩა, რადგან მიწისძვრის კერის ცენტრალური წერტილი, ეპიცენტრი ღრმად იყო – 27 კილომეტრზე და რხევა მანამდე შენელდა, ვიდრე მან დედამიწის ზედაპირს მოაღწია, განაცხადა სეისმოლოგმა ლაშა სუხიშვილმა.
24 სექტემბერს, დილის 8 საათზე თბილისიდან 4 კილომეტრში 4,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი მცხეთის რაიონის სოფელ ლელუბნიდან 2 კილომეტრში მდებარეობდა.
ბევრი მოქალაქე სოციალურ ქსელში წერდა, რომ ჯერ ძლიერი ხმა გაიგო და ბიძგები შემდეგ იგრძნო. სუხიშვილმა განმარტა, თუ რატომ მოხდა ასე.

„რატომ იყო ჯერ ხმა და მერე რხევა? მიწისძვრისას მოდის რამდენიმე ტალღა. პირველ ტალღა P-ს (რომელიც სწრაფად ვრცელდება) მოაქვს ეს ხმა, მეორე ტალღა S იწვევს იმ რხევას რომელსაც აღვიქვამთ, კიდევ სხვა ტალღებიცაა, მაგრამ არა უშავს", – დაწერა სუხიშვილმა.

მისი თქმით, 4,6 მაგნიტუდის მიწისძვრა საშუალოზე სუსტია, მაგრამ სეისმოლოგებს ასეთი მიწისქვეშა ბიძგებიც აშინებს თბილისსა და ზოგადად საქართველოში შენობების ხარისხის გამო. სუხიშვილი მოხარულია, რომ ეს მიწისძვრა არ მოხდა წვიმების სეზონის დროს, რასაც შეეძლო მეწყრული პროცესები გამოეწვია.
საქართველო საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი – 7-ბალიანი მაგნიტუდის მიწისძვრა 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.
2022 წლის თებერვალში საქართველოში ბოლო დროის ყველაზე ძლიერი – 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ყველა ახალი ამბავი
0