ყოფილი ომბუდსმენი ახალ პლატფორმას ქმნის: რას უნდა ველოდოთ ნინო ლომჯარიასგან?

© courtesy of Nino Lomjariaნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2023
გამოწერა
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ახალ საზოგადოებრივ პლატფორმას „საქართველოს ევროპულ ორბიტას“ აფუძნებს.
კონკრეტულად იმაზე, რა იქნება ახალი პლატფორმის სამომავლო გეგმები, ორგანიზაციის დამფუძნებლები 7 სექტემბერს გამართულ პრეზენტაციაზე ისაუბრებენ. ლომჯარიას თქმით, პლატფორმაში გაერთიანდებიან სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების მქონე ადამიანები, რომელთაც აქვთ ერთი მიზანი – ხელი შეუწყონ საქართველოს ევროინტეგრაციას. ამასთან, როგორც ლომჯარიამ განმარტა, ეს არ იქნება პოლიტიკური პლატფორმა და არ იგეგმება მისი პოლიტიკურ მოძრაობად ან პარტიად გარდაქმნა.
ხელისუფლების რეაქციები
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დარწმუნებულია, რომ „საქართველო მისგან (ლომჯარიასგან) კარგს არაფერს უნდა ელოდოს“. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, ლომჯარია უკვე დიდი ხანია პოლიტიკაშია.

„ნინო ლომჯარიას დიდი ხანია შექმნილი აქვს საზოგადოებრივი მოძრაობა, უბრალოდ ოფიციალურად არ დარეგისტრირებულა. როცა სახალხო დამცველი იყო, მაშინაც, ისევე, როგორც ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, პოლიტიკური პლატფორმიდან მოძღვრავდა ქვეყანას. მაგრამ, ვფიქრობ, მისი საქმიანობის არცერთ ეტაპზე ამ სტრუქტურის პოპულარობა არ გაზრდილა და ეს მნიშვნელოვანწილად განპირობებულია თავად ლომჯარიას თავშეუკავებელი, ხშირ შემთხვევაში ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით“, – განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან.

ოპოზიციის რეაქციები
ოპოზიციური პარტია „გირჩის“ დეპუტატის იაგო ხვიჩიას განცხადებით, ლომჯარიას მიერ დაარსებული ორგანიზაცია უკვე პარტიაა.
„მე მას უკვე პარტიად ვთვლი. რა მნიშვნელობა აქვს, რას დაარქმევენ... ვფიქრობ, რომ ქალბატონ ლომჯარიას იგივე პრობლემები აქვს, როგორც ბევრ სხვა პოლიტიკოსს საქართველოში – გულწრფელად არ ამბობს იმას, რაც სურს", – განაცხადა ხვიჩიამ.
ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძეც დარწმუნებულია, რომ ლომჯარიას მიერ შექმნილი პლატფორმა პარტიად გადაიქცევა.

„თუ არ გაქვს პოლიტიკური მიზანი, მაშინ, ზოგადად, ძალზე რთულია ხალხთან ურთიერთობა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი საბოლოოდ გადაიქცევა პოლიტიკურ მოძრაობად“, – განაცხადა მანჯგალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ამასთან, მანჯგალაძემ არ გამორიცხა ახალ პლატფორმასთან თანამშრომლობა.
„ჩვენ ყველა პროდასავლურ ძალასთან ვგეგმავთ თანამშრომლობას“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.
ნინო ლომჯარიამ სახალხო დამცველის პოსტი 2017 წლის 30 ნოემბერს დაიკავა. მისი უფლებამოსილების ვადა ოფიციალურად 2022 წლის 8 დეკემბერს ამოიწურა. ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მან საქართველოს ხელისუფლებისთვის საკმაოდ კრიტიკული ოთხი ანგარიში წარმოადგინა ადამიანების უფლებებისა და თავისუფლების მდგომარეობის შესახებ. ის არაერთხელ გამხდარა მმართველი პარტიის კრიტიკის ობიექტი.
ჯერ კიდევ ომბუდსმენის თანამდებობაზე ყოფნისას ლომჯარიამ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება არღვევს ქვეყნის კონსტიტუციას, როდესაც არ ასრულებს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს დემოკრატიული რეფორმების განსახორციელებლად. მისი თქმით, ისტორიას ემახსოვრება მთავრობასა და პარლამენტში „ყველა უსაქმური“, რომლებიც მშვიდად უყურებენ, თუ როგორ ნადგურდება „ქვეყნის უკეთესი მომავლის პერსპექტივა“.
მმართველმა პარტიამ არაერთხელ დაადანაშაულა ლომჯარია მიკერძოებასა და რადიკალიზმში და მიანიშნა მის მჭიდრო კავშირზე ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ლომჯარია დაადანაშაულა იმაში, რომ ის წარმოადგენს ერთი ოპოზიციური პარტიის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და არა მთელი საზოგადოების ინტერესებს.
ლომჯარიას საქმიანობის შეფასებისას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა კი აღნიშნა, რომ იგი საზოგადოებას დაამახსოვრდება როგორც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მგზნებარე გულშემატკივარი.
ყველა ახალი ამბავი
0