კალაძე: გულდასაწყვეტია, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს

© courtesy of Georgian Dreamკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2023
გამოწერა
მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა პრეზიდენტის მოქმედება დაგმო.
თბილისი, 4 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირველი უნდა იცავდეს კონსტიტუციას, თავად კი არ არღვევდეს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ზურაბიშვილმა ევროპული ტურნე მთავრობის თანხმობის გარეშე 31 აგვისტოს დაიწყო, 1 სექტემბერს კი მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ მისი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ განაცხადა. „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნეს, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციასთან“ შეთანხმებულად მოქმედებს და მხოლოდ ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.

„გულდასაწყვეტია, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს. პირველი ჩვენ, პოლიტიკოსები, თანამდებობის პირები უნდა ვიყოთ, ვინც პატივი უნდა ვცეთ ქვეყანას, საქართველოს მოქალაქეებს, კონსტიტუციას და კანონმდებლობას. თუ ჩვენ დავარღვევთ კანონს და კონსტიტუციას, ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს ან თუნდაც უცხოელ მეგობრებს რა უნდა მოვთხოვოთ, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს?“ – განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორი პრეზიდენტია ზურაბიშვილი, კალაძემ უპასუხა, რომ ეს ქვეყნის მოსახლეობამ უნდა შეაფასოს.
„ჩემი მხრიდან გაკეთებული შეფასება სწორი არ იქნება. შეიძლება არ ვიყო ობიექტური, ამიტომ ჯობს მოსახლეობამ შეაფასოს“, – აღნიშნა კალაძემ.
მისი თქმით, აქ საუბარია კონსტიტუციის და კანონების პატივისცემაზე და, უპირველეს ყოვლისა, მოსახლეობის პატივისცემაზე.
„დამისახელეთ ერთი ქვეყანა, სადაც პრეზიდენტი, რომელიც პირველი უნდა იცავდეს კონსტიტუციას, თავად არღვევს კონსტიტუციას. უბრალოდ გაუგებარია“, – განაცხადა კალაძემ.
პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყების გადაწყვეტილება განმარტა >>
როგორც კალაძემ აღნიშნა, კონსტიტუციაში შავით თეთრზე წერია, რომ როდესაც პრეზიდენტი მიემგზავრება უცხოეთში, მან უნდა მიიღოს ნებართვა ხელისუფლებისგან. მან განაცხადი გააკეთა უცხოეთში გამგზავრების თხოვნით, მაგრამ უარი მიიღო, რაზეც ახსნა-განმარტებებიც გაკეთდა, აღნიშნა კალაძემ.
„ეს არის ზუსტად კონსტიტუციის დარღვევა, როდესაც გაწერილია, თუ რომელი თანამდებობის პირი როგორ მოქმედებს და რა უფლებამოსილება აქვს. თუ ჩვენ ამ ყველაფერს დავარღვევთ, ქვეყანაში ქაოსი იქნება. წარმოუდგენელია ასეთი მიდგომები და დამოკიდებულებები“, – აღნიშნა კალაძემ.
ზურაბიშვილმა ევროპული ტურნე გერმანიაში ვიზიტით დაიწყო, სადაც 31 აგვისტოს თავის გერმანელ კოლეგა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართა შეხვედრა. 1 სექტემბერს იგი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა. შემოდგომაზე ზურაბიშვილმა გერმანიაში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიასა და დანიაში ჩასვლა დაგეგმა, დეკემბერში – ჩეხეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელში. ყველა ამ ვიზიტზე მთავრობამ მას უარი უთხრა.
როგორც ადრე მმართველ პარტიაში განაცხადეს, ცხადია, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის მიღწევა არარეალურია, რადგანაც საპარლამენტო უმრავლესობას საამისოდ საკმარისი ხმები არ გააჩნია, მაგრამ ქვეყნის მთავარი კანონის უხეშ დარღვევაზე თვალის დახუჭვაც არ შეიძლება.
სააკაშვილის შეწყალება თუ იმპიჩმენტი: „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტს აშანტაჟებს? >>
პრეზიდენტის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა“ და მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრებით, მხოლოდ 84 მანდატი აქვს.
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია, „ქართულ ოცნებას" კი ოპოზიციის იმედი არ აქვს. მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ზურაბიშვილი და „რადიკალური ოპოზიცია" ერთ მხარეს არიან.
საქართველო მოლოდინის რეჟიმში
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან მათი თანხმობის მოსაპოვებლად. მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ სტატუსის მხარდაჭერის გარანტიები რამდენიმე ქვეყნისგან უკვე მიიღო.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. შეზღუდულ პროგრესს მიაღწია კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
გარდა ამისა, როგორც ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საკანონმდებლო დონეზე ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია.
„ქართული ოცნების“ და პრეზიდენტის ურთიერთობა
ურთიერთობა ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას" შორის, რომლის მხარდაჭერითაც იგი 2018 წელს პრეზიდენტი გახდა, ძალიან დაძაბულია.
საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი: „ოცნება“ სხვა პარტიებთან კონსულტაციებს არ მართავს>>>
გასული წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოსაც კი მიმართა, როდესაც პრეზიდენტმა უარი თქვა გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნის დოკუმენტზე ხელის მოწერაზე. სარჩელის შეტანის მიზანი იყო - დაემტკიცებინათ პრეზიდენტისთვის, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს მთავრობა და არა ის. 2023 წლის თებერვალში მთავრობამ სარჩელი გაიწვია.
ამის შემდეგ ურთიერთობები ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის კიდევ გაუარესდა.
2023 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას ზურაბიშვილმა მმართველი პარტია დაადანაშაულა ქვეყნის პროდასავლური კურსის შეცვლაში და მოსახლეობის დარწმუნების მცდელობაში, რომ ევროპა ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
მისი თქმით, 2021 წელს დაიწყო „ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაცია“, რის გამოც საქართველომ 2022 წლის ივნისში არ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. მაშინ სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები, რომელთა მხარდაჭერითაც ზურაბიშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, დღეს აცხადებენ, რომ ის ოპოზიციაში გადავიდა.
ყველა ახალი ამბავი
0