თბილისში დანაშაულებრივი „ქოლ-ცენტრი" გამოავლინეს

© Investigation Service of the Ministry of Finance of Georgiaფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2023
გამოწერა
„ქოლ-ცენტრის“ ხელმძღვანელ პირთა საბანკო ანგარიშები და უძრავ-მოძრავი ქონება დაყადაღებულია.
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში ფუნქციონირებადი სავარაუდო დანაშაულებრივი ე.წ. ქოლ-ცენტრი გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 1 სექტემბერს გამოვლენილი იქნა სავარაუდო დანაშაულებრივი „ქოლ-ცენტრი", რომელიც ოფისში დასაქმებული 20-მდე თანამშრომლის მეშვეობით საეჭვო საქმიანობას ახორციელებდა.
ოფისში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ინფორმაციის მატარებელი ელექტრონული მოწყობილობები, მათ შორის კომპიუტერული ტექნიკა. ასევე დაყადაღებულ იქნა „ქოლ-ცენტრის“ ხელმძღვანელ პირთა საბანკო ანგარიშები და უძრავ-მოძრავი ქონება.
გამოძიება სსკ-ის 180-ე, 194-ე და 218-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ვინ დგას „ქოლ-ცენტრების" უკან
საქართველოში 2021 წლის ოქტომბერსა და 2022 წლის ნოემბერში ფართომასშტაბიანი საგამოძიებო ღონისძიებები ჩატარდა ქოლ-ცენტრების გამოვლენისა და თაღლითურ სქემაში მონაწილე პირების დადგენის კუთხით.
საუბარია თაღლითების საერთაშორისო ქსელზე, რომლებმაც ჩამოაყალიბეს ქოლ-ცენტრები, მათ შორის საქართველოში, რომელთა გამოყენებითაც ევროპის ქვეყნების მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავდათ და მათ ფულს ითვისებდნენ.
ვინ „კრიშავს" საქართველოში ე.წ. ქოლ-ცენტრებს? - გომელაური ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს>>>
შედეგად დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შესაძლო ხელმძღვანელები და მონაწილეები, დაწყებულია იურიდიული პირების სისხლისსამართლებრივი დევნა. საგამოძიებო ორგანოები საქართველოში დაკავებულების ზუსტ რაოდენობას არ ასახელებენ.
ბრიტანული ტელეკომპანია ВВС-ს ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან, რომლის მსხვერპლიც ევროპელი პენსიონერები გახდნენ, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას.
თავად კეზერაშვილმა ВВС-ს სიუჟეტში გამოთქმულ ბრალდებებს „უკიდურესად მცდარი“ უწოდა და აღნიშნა, რომ მას არანაირი კავშირი არ აქვს კრიმინალურ ქოლ-ცენტრებთან. ექს-მინისტრმა მიმდინარე წლის მაისში ტელეკომპანიის წინააღმდეგ სარჩელი ოფიციალურად შეიტანა.
ВВС-ს სკანდალური გამოძიება
ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია ВВС-მ 12 აპრილს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის თანახმად საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან ისრაელის მოქალაქე, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას.
გამოძიების მონაცემებით, საუბარია ერთ მილიარდ დოლარზე მეტი თანხის მითვისებაზე.
BBC-ს ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა Solo Capitals, რომელიც, სავარაუდოდ, არის საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის ნაწილი. ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია, როგორც „მილტონის ჯგუფი".
BBC-ს მონაცემებით, იმ კომპანიებს შორის კავშირების კვლევისას, რომლებიც, სავარაუდოდ, ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობით იყვნენ დაკავებული, მუდმივად ფიგურირებდა ხუთი სახელი – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. ისინი მითითებული იყვნენ სავაჭრო პლატფორმა „მილტონის ჯგუფის" ან ტექნოლოგიური კომპანიების მხარდამჭერი დირექტორების სახით.
რაში სჭირდება კეზერაშვილს ქოლ-ცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისია - პაპუაშვილის პასუხი>>>
„პანამის დოკუმენტების" თანახმად (კონფიდენციალური დოკუმენტების გაჟონვა ახლანდელი და ყოფილი მსოფლიო ლიდერების ფარული საკუთრების არსებობის შესახებ), ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი არიან დირექტორები ან მაღალი თანამდებობის პირები ოფშორულ კომპანიებში ან შვილობილ კომპანიებში, რომლებიც „მილტონის ჯგუფში" შედიან.
BBC ამტკიცებს, რომ ეს კომპანიები „მილტონის ჯგუფამდე" არსებობდნენ და მათ კვალს კეზერაშვილამდე მივყავართ.
იქვე ნათქვამია, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კეზერაშვილს რამე სახის პირდაპირი ფინანსური ინტერესი აქვს „მილტონის ჯგუფის" მიმართ. მაგრამ ამ ჯგუფთან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მათ პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდათ კეზერაშვილთან და მათ იცოდნენ, რომ მას ჯგუფთან კავშირი აქვს.
ყველა ახალი ამბავი
0