ეს დიდი გამოცდაა ჩვენი ქვეყნისთვის - პრემიერი შოვში მომხდარ ტრაგედიაზე

© Ministry of Internal Affairs of Georgia მაშველები შოვში
მაშველები შოვში - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2023
გამოწერა
კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლამ 18 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაღუპულთა და დაკარგულთა შორის ბავშვებიც არიან.
თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. კურორტ შოვში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. ეს მთელი ქვეყნისთვის დიდი გამოცდა იყო, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს შოვში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. დანგრეულია ხიდები, დაზიანებულია შოვის შესასვლელთან გზა. მაშველებმა 210 ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. იძებნება 16 დაკარგული ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები.

„საშინელმა ტრაგედიამ, რომელიც მოხდა შოვში, მთელი საქართველო შეძრა. მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ყველა გარდაცვლილის ოჯახს. ეს მძიმე გამოცდაა მთელი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში მთავრობა პირველივე წუთებიდან იყო ჩართული და მობილიზებული.

„ჩვენი გმირი 400-მდე მაშველი იყო ჩართული სამუშაოებში. 210 ჩვენი თანამოქალაქე უვნებლად იქნა გამოყვანილი სტიქიის ზონიდან. სამძებრო ღონისძიებებში ასევე ჩართული არიან ჩვენი გმირი ჯარისკაცები, რომლებიც ეხმარებოდნენ ჩვენს საამაყო მაშველებს. სრული მობილიზება იყო ჩვენი მხრიდან. ადგილზე იყვნენ ექიმები, ადგილზე არის მობილიზებული 100-ზე მეტი ერთეული სპეცტექნიკა“, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი ირაკლი ქარსელაძე პირადად ხელმძღვანელობდა ამ სამუშაოებს და ყველა სხვა მინისტრიც მობილიზებული იყო ადგილზე.

„მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ეს დიდი გამოცდაა თითოეული ჩვენგანისთვის და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მეხუთე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობს 400 მაშველი და 200 სამხედრო, მობილიზებულია 178 ერთეული სპეცტექნიკა, სამძებრო ღონისძიებებში ასევე ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნაში.
აღნიშნულ პროცესს ხელი შეუწყო ბოლო პერიოდში მომატებულმა ჰაერის ტემპერატურულმა ფონმა, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა მყინვარების ინტენსიურმა დნობამ და თანმდევმა ატმოსფერულმა ნალექებმა.
შესაძლებელი იყო თუ არა მეწყერსაშიში ზონიდან ხალხის ევაკუაცია? ჰიდროლოგის განმარტება>>>
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
ამასთან, სტიქიური მოვლენის განვითარების პროცესში უშუალოდ მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის მასის გრძელვადიან შეგუბებას ადგილი არ ჰქონია.
მთელ მსოფლიოში მსგავსი ტიპის მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია დასკვნაში. მანამდე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა.
წინასწარი გათვლებით, ღვარცოფულმა ნაკადმა ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ხალხი იმყოფებოდა, 8-10 წუთში მიაღწია.
დასკვნა შედგენილია გეოლოგიურ, მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვების, ისტორიული და მიმდინარე მონაცემების, მათ შორის, სატელიტური, რადარული და აეროფოტოსურათების დეშიფრირებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.
ექსპერტების ვარაუდით, ამ ეტაპზე შოვში მსგავსი სტიქიური უბედურების გამეორების საფრთხე არ არის.
ყველა ახალი ამბავი
0