ჭიათურიდან თბილისში: მაღაროელები საპროტესტო აქციების გაგრძელებას პარლამენტის წინ გეგმავენ

© photo: Sputnik / Stringerმაღაროელთა გაფიცვა ჭიათურაში
მაღაროელთა გაფიცვა ჭიათურაში - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2023
გამოწერა
გუშინ კომპანიამ ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნების, ხელფასების 5%-ით გაზრდის, აუდიტის ჩატარებისა და ერთობლივი კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო.
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. დათმობებზე წასვლის თაობაზე კომპანია Georgian Manganese Holding-ის განცხადების მიუხედავად, ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები პროტესტის თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გადმოტანას გეგმავენ, იუწყება „პირველი არხი".
საპროტესტო აქცია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ ორი კვირაა გრძელდება. მე-13 დღეს ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა. რამდენიმე დღით ადრე კი ერთმა გაფიცულმა პირი ამოიკერა. კვირას, 18 ივნისს კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნებისა და ხელფასების 5%-ით გაზრდის თაობაზე.

„ჩვენთვის მიუღებელი და დამამცირებელია კომპანიის მხრიდან გაკეთებული განცხადება ხელფასის 5%-ით გაზრდის შესახებ. ამიტომ მივმართავთ პროტესტის ამ ფორმას“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მაღაროელთა გაფიცვის მიზეზი გახდა მუშაობის ახალი გრაფიკი – ორცვლიანი 12-საათიანის ნაცვლად სამცვლიანი 8-საათიანი გრაფიკი. Georgian Manganese Holding-ის ხელმძღვანელობის თქმით, გადაწყვეტილება საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობებზე მოთხოვნის შემცირებისა და დაბალი ფასების გამო მიიღეს.
მანამდე კომპანიაში განაცხადეს, რომ მზად არიან შექმნან ერთობლივი სამუშაო კომისია. კომისიაში ჩართული იქნება ყველა მხარე – დასაქმებულები, დამსაქმებელი კომპანია, აუდიტორი, შუამავალი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შრომის ინსპექციის სამსახური, იმერეთის გუბერნატორი და პროფკავშირები.
კომისია შეისწავლის სამუშაო პროცესის ორგანიზების ძველ მეთოდს, აგრეთვე კომპანიის მხრიდან მოთხოვნილი ახალი სამუშაო პროცესის საჭიროების და ეკონომიკური მიზანშეწონილობის აუცილებლობას.
პროფკავშირების მოთხოვნით, კომპანია აცხადებს მზადყოფნას, ამ პერიოდის განმავლობაში წარმოადგინოს დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა საწარმოს გასული ორი წლისა და მიმდინარე წლის ფინანსური მდგომარეობის შესახებ.
მაღაროელთა პროტესტი ჭიათურაში: ხელმძღვანელობა გარკვეულ დათმობებზე წავიდა>>>
კომპანიაში მიაჩნიათ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი წარმოების დროული განახლებაა.
გასულ კვირაში გაფიცულ მაღაროელებთან შეხვედრა გამართა საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა. მისი თქმით, მაღაროელები მზად არიან გარკვეულ დათმობებზე წავიდნენ, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელობისგან შემხვედრ ნაბიჯებს ელოდებიან.
Georgian Manganese Holding – ქვეყანაში მანგანუმის მომპოვებელი უდიდესი კომპანიაა. ის ფლობს 11 შახტს და ერთ გადამამუშავებელ ქარხანას.
კომპანიის შემადგენლობაში შედის ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, ჰიდროელექტროსადგური „ვარციხე 2005", კლინიკა „ფერომედი".
კომპანია მაღალი ხარისხის ფეროშენადნობების წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორია. პროდუქცია გადის რუსეთში, აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში.
მანგანუმის მადნის მოპოვება ხდება ოთხ საბადოზე ძველი ტექნოლოგიით, ცხრა მიწისქვეშა გამონამუშევარში და შვიდ ღია კარიერზე.
მოძრაობა „სირცხვილიამ" გაფიცულ მაღაროელთა მხარდამჭერი აქცია უკვე დააანონსა – აქცია ორშაბათს, 19 ივნისს პარლამენტის შენობის წინ 21:00 საათზე დაიწყება.
ყველა ახალი ამბავი
0