წულუკიანი: საქართველოს პრეზიდენტმა რიტორიკა შეცვალა

  - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2023
გამოწერა
თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ევროპარლამენტში გაცილებით უფრო ადეკვატური იყო, რაც მისასალმებელია, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა.
ევროპარლამენტში გამოსვლისას ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ ისტორიულად დაიმსახურა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ამ სტატუსის მისაღებად რეკომენდაციების შესრულება ნიშნავს ქვეყნის დაბრუნებას ევროპულ ფესვებთან. ამასთან, პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ ბევრი გააკეთა სტატუსის მოსაპოვებლად, მათ შორის რეფორმების თვალსაზრისით, და რომ საქართველოს მოსახლეობა პროევროპულ ღირებულებებს ემხრობა.
„ვიხილეთ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა ევროპარლამენტში და არ შეიძლება, არ მივესალმოთ, რომ მას რიტორიკა აქვს შეცვლილი. შეცვლილი რიტორიკა არის ბევრად უფრო ადეკვატური, ბევრად უფრო ორიენტირებული საერთო სახელმწიფო მიზანზე“,— განუცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებს
ვიცეპრემიერმა გამოთქვა იმედი, რომ რიტორიკა, რომელიც ორიენტირებულია ქვეყნის და არა რაიმე პოლიტიკურ, ვიწრო პარტიულ ინტერესზე, კვლავაც გაგრძელდება.
„ჩვენ ყველას გვაერთიანებს ერთი მიზანი — ჩვენმა სახელმწიფომ მიიღოს ის სტატუსი, რომელიც ნამდვილად ეკუთვნის, ბრიუსელმა მიიღოს ის სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს“, — განაცხადა წულუკიანმა.
მანამდე ზურაბიშვილმა პარლამენტში ბოლო გამოსვლისას მმართველი პარტია ქვეყნის პროდასავლური კურსიდან გადახვევაში დაადანაშაულა. პრეზიდენტის თქმით, 2021 წლიდან დაიწყო „ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაცია", რის გამოც საქართველომ 2022 წლის ივნისში ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0