„ნაციონალური მოძრაობა" კომუნალურ მომსახურებაზე ტარიფების შემცირებას მოითხოვს

© photo: Sputnik / Stringerლევან ხაბეიშვილი
ლევან ხაბეიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2023
გამოწერა
პარტია საქართველოში დოლარის კურსის დაცემის გამო ტარიფების შემცირებას ითხოვს.
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს საქართველოს მოსახლეობისთვის შემცირდეს კომუნალური მომსახურების ტარიფები, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკი, GNERC) განცხადება პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ და პარტიის ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ შეიტანეს. „ნაციონალური მოძრაობა" სემეკის რიგგარეშე სხდომის მოწვევას მოითხოვს.
„ჩვენ რამდენიმე კვირის წინ მოვითხოვეთ დოლარის კურსის ცვლილების პარალელურად შემცირებულიყო ტარიფები ელექტროენერგიაზე, გაზზე და წყალზე, რადგან როცა მოსახლეობას გადასახადები მოუმატეს, გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ დოლარის კურსი იყო მაღალი. მაგრამ როცა ლარმა გამყარება დაიწყო, ეს არავის შეუმჩნევია", – განაცხადა ხაბეიშვილმა.
2023 წლის დასაწყისიდან ეროვნული ვალუტა 4,1%-ით გამყარდა და 2018 წლის სექტემბრის შემდეგ პირველად ჩამოვიდა 2,6 GEL/$1-ზე დაბალ ნიშნულზე.
პოლიტიკოსის თქმით, თუ ადრე საქართველო ელექტროენერგიის შეძენაზე 261 მლნ ლარს ხარჯავდა, დოლარის კურსის შემცირების შემდეგ საკმარისია 206 მილიონი.
იგივეა ბუნებრივ აირთან დაკავშირებით, როცა საქართველო წლიდან წლამდე დაახლოებით 300 მილიონი დოლარის გაზს ყიდულობს. თუ 2021 წელს ბუნებრივ აირში ქვეყანა 990 მლნ ლარს იხდიდა, დღეს ამისთვის 774 მილიონი ლარია საკმარისი, შესაბამისად, სხვაობა 216 მლნ ლარს შეადგენს.

„გუშინ კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ დაადასტურა, რომ ტარიფების შემცირება შესაძლებელია, მაგრამ ისინი არ ამცირებენ, რადგან არ იციან, როგორ განვითარდება ვითარება ქვეყანაში და რა მდგომარეობაში იქნება დოლარის კურსი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

პოლიტიკოსის თქმით, დღევანდელი დოლარის კურსის შესაბამისად შესაძლებელია 1 კვტ/სთ ელექტროენერგიაზე ტარიფის 4 თეთრით და 1 კუბური მეტრი გაზის 6-7 თეთრით გაიაფება.
საქართველოში ელექტროენერგიაზე ტარიფი მოხმარებულ ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული. თბილისისთვის მინიმალური ტარიფი 101 კვტ/სთ-მდე ენერგიის მოხმარებისას არის 18,041 თეთრი, 301 კვტ/სთ-მდე – 22,053, ხოლო 301 კვტ/სთ-ის ზემოთ – 26,537 თეთრი. რეგიონებისთვის 101 კვტ/სთ-მდე ენერგიის მოხმარებისას არის 17,731 თეთრი, 301 კვტ/სთ-მდე – 21,707, ხოლო 301 კვტ/სთ-ის ზემოთ – 26,227 თეთრი.
საქართველოს უმეტეს რაიონებში 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი საყოფაცხოვრებო სექტორისთვის დაახლოებით 57 თეთრის ნიშნულზე რჩება. თბილისის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის" გაზის ტარიფი საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის 53,9 თეთრს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0