მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აღმოჩენილია პლასტმასის „მომნელებელი“ მიკროორგანიზმები: ცდამ წარმატებით ჩაიარა

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2023
გამოწერა
თბილისი, 12 მაისი — Sputnik. შვეიცარიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს მიკროორგანიზმები, რომელთა ფერმენტებს სხვადასხვა სახის პლასტმასის მონელება შეუძლიათ. მათი კვლევა გამოქვეყნებულია ჟურნალში Frontiers in Microbiology.
მკვლევარების თქმით, მათ დაახლოებით ოცამდე შტამს მიაგნეს, რომლებიც ეფექტური აღმოჩნდა პოლიურეთანისა და ფართოდ გავრცელებული პოლიმერული ნარევების უტილიზაციისთვის. ამასთან, უკვე მიგნებული ბაქტერიებისგან განსხვავებით, ახალ მიკროორგანიზმებს მუშაობისთვის დიდი ენერგია არ სჭირდებათ. გამომდინარე აქედან, პლასტმასის გადამუშავების პროცესი შეიძლება უფრო უსაფრთხო და იაფი გახდეს.
პლასტმასით პლანეტის დაბინძურების წინააღმდეგ საბრძოლველად ბიოინჟინერია დღეს აქტიურად გამოიყენება. მეცნიერები ეძებენ და ხელოვნურადაც გამოჰყავთ მიკროორგანიზმები, რომლებსაც პოლიმერების გადამუშავება შეუძლიათ. ასეთი ფერმენტული თვისებების მქონე რამდენიმე უკვე აღმოჩენილი ბაქტერია სამრეწველო მასშტაბებში გამოიყენება, მაგრამ ამ მეთოდს სერიოზული შეზღუდვები აქვს: მიკრობები ამოცანას მხოლოდ 30°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე ასრულებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საჭიროა მუდმივი გათბობა, პროცესი კი ნახშირბადის კვალს ტოვებს და ამასთან საკმაოდ ძვირადღირებულიცაა.
მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ამ პრობლემის გადაჭრა იმ მიკროორგანიზმებით გახდებოდა შესაძლებელი, რომლებსაც პლასტმასის დაბალ ტემპერატურაზე „მონელების“ უნარი ექნებოდათ. და შვეიცარიელმა მკვლევარებმა ამგვარ მიკროორგანიზმებს ალპურ მთიანეთსა და პოლარულ რეგიონებში მიაგნეს. მათ ბაქტერიების 19 შტამი და 15 სოკო იპოვეს შვეიცარიისა და გრენლანდიის, ასევე შპიცბერგენის ალპურ და არქტიკულ ნიადაგებზე დაყრილ ან ჩამარხულ პლასტმასის ნარჩენებზე.
ლაბორატორიაში მეცნიერებმა შტამები მოლეკულური მეთოდებით ამოიცნეს და თითოეული მათგანი იზოლირებულად გააშენეს სიბნელეში — 15°C ტემპერატურაზე. შემდეგ კი გაზრდილ მიკროორგანიზმებს სხვადასხვა პლასტმასის სტერილური ნიმუშები მისცეს „მოსანელებლად“. ესენი იყო როგორც ჩვეულებრივი პოლიეთილენი — რომელიც არ იშლება, ისე ბიოდეგრადირებადი პლასტმასა და პოლილაქტური მჟავის ნარევები.
ცდამ აჩვენა, რომ პოლიეთილენს ვერცერთი შტამი ვერ ინელებდა — მაშინაც კი, როცა მათ ნიმუშზე 120 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ტოვებდნენ. სამაგიროდ ახლად აღმოჩენილი ბაქტერიები და სოკოები ყველა სხვა ნიმუშს გაუმკლავდნენ 15° C ტემპერატურაზე: 19-მა შტამმა დისპერსიული პოლიურეთანი გადაამუშავა, ხოლო 14-მა სოკომ და სამმა ბაქტერიამ — PBAT და PLA პლასტმასები.

„საუკეთესო შედეგი სოკოს ორმა არადამახასიათებელმა სახეობამ — Neodevriesia-მ და Lachnellula-მ აჩვენა: მათ ყველა სახის პლასტმასის მონელება შეძლეს, გარდა პოლიეთილენისა“, — ამბობს მიკრობიოლოგი ჯოელ რიტი.

აღსანიშნავია, რომ ახლად აღმოჩენილი ბაქტერიები და სოკოები მხოლოდ 15°C ტემპერატურაზე გამოიცადა. მეცნიერების თქმით, შესაძლოა მომავალმა ექსპერიმენტებმა აჩვენოს, რომ მათ კიდევ უფრო დაბალ ტემპერატურაზე აქვთ პლასტმასის ნარჩენების უტილიზაციის უნარი.
ყველა ახალი ამბავი
0