ალიევი: ენერგორესურსების ტრანზიტის მიმართულებით საქართველო და ბაქო აქტიურად თანამშრომლობენ

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი და ილჰამ ალიევი
ირაკლი ღარიბაშვილი და ილჰამ ალიევი - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2023
გამოწერა
2027 წლისთვის ევროპას მივაწვდით 20 მლრდ-ზე მეტ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს, განაცხადა ალიევმა.
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და ეს როლი ყოველდღიურად იზრდება, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
საქართველო და აზერბაიჯანი აქტიურად თანამშრომლობენ ენერგეტიკის სფეროში. აზერბაიჯანი საქართველოს გავლით აწვდის გაზს თურქეთს და შემდგომ ევროპას, ამ ეტაპზე კი მხარეები ევროპისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაზე მსჯელობენ.

„საქართველო და აზერბაიჯანი კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპაში ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში და ეს როლი ყოველდღიურად კიდევ უფრო იზრდება. ეს მეგობრული კავშირები ჩვენს ქვეყნებს შორის და თანამშრომლობა ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, გადამწყვეტია ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის", – განაცხადა ალიევმა.

როგორც მან აღნიშნა, ენერგოუსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობა ორი მიმართულებით ხორციელდება, მათგან ერთ-ერთი გაზის მიწოდებაა.
„ყოველწლიურად ჩვენ ვზრდით ბუნებრივი აირის მიწოდების მასშტაბს და მოცულობებს ევროპისკენ. წელს აზერბაიჯანმა გადაწყვიტა საერთაშორისო ბაზრებს 24,5 მლრდ კუბური მეტრი გაზი მიაწოდოს. ეს მაჩვენებელი იზრდება და ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, რომელსაც ევროკავშირთან ერთად ხელი მოვაწერეთ გასულ წელს. 2027 წლისთვის ჩვენ ევროპას მივაწვდით 20 მლრდ-ზე მეტ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს", – განაცხადა ალიევმა.
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის საკითხში მეორე მნიშვნელოვან მიმართულებად ალიევმა შავი ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის გაყვანა დაასახელა. ამ პროექტში საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან და უნგრეთთან ერთად მონაწილეობენ.
„ესაა მასშტაბური პროექტი და მისი წარმატებული განხორციელებისთვის საჭიროა ოთხივე ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევა და ევროკავშირის მხარდაჭერა", – განაცხადა ალიევმა.
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანში გაემგზავრა>>>
აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებმა 2022 წლის 17 დეკემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას „მწვანე ენერგეტიკისა და ტრანსპორტის განვითარების სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას შავი ზღვის ფსკერზე.
შეთანხმების ფარგლებში ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს. ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. კაბელი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვას.
თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.
გარდა ამისა, 2023 წლის 1 იანვრიდან დაიწყო საქართველოს გავლით აზერბაიჯანული გაზის რუმინეთისთვის მიწოდება. ევროპაში აზერბაიჯანული გაზი ბაქო–თბილისი–ერზრუმის გაზსადენით გადის.
ყველა ახალი ამბავი
0