რა შემთხვევაში შემცირდება მიგრაცია საქართველოდან: ირაკლი კობახიძის პროგნოზი

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2023
გამოწერა
ეკონომიკა ეტაპობრივად იზრდება, რაც დადებითად აისახება მიგრაციაზე, თუმცა ამას დრო სჭირდება, განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. მიგრაციის შესამცირებლად აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, რაც შეუძლებელია მშვიდობისა და „რადიკალური ოპოზიციის“ დასუსტების გარეშე, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ევროკავშირის თავშესაფრის საკითხების სააგენტოს მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს მოქალაქეებმა შეიტანეს 28,8 ათასი განაცხადი, შესაბამისად, საქართველო თავშესაფრის მაძიებელთა ათეულში მოხვდა და მერვე ადგილზე გავიდა. საქართველომ ამ კუთხით უკრაინისა და ერაყის მოქალაქეებს გადაუსწრო.

„თანდათანობით იზრდება ეკონომიკა, რაც დადებითად აისახება მიგრაციაზე, მაგრამ ამას სჭირდება თავისი დრო. ამიტომ იმისთვის, რომ მიგრაცია შემცირდეს, საჭიროა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა. ეკონომიკური წინსვლა რომ იყოს, საჭიროა მშვიდობა, იმისთვის რომ იყოს მშვიდობა, საჭიროა რადიკალური ოპოზიცია დასუსტდეს“, – განაცხადა კობახიძემ.

პარტიის თავმჯდომარის თქმით, მიგრაციული სტატისტიკა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში გაუმჯობესდა, მაგრამ ეს საკმარისი არაა.
„რა თქმა უნდა, მიგრაციის არსებული მდგომარეობით ჩვენ ვერ ვიქნებით კმაყოფილი, რადგან ჯერ კიდევ იმაზე მეტი ადამიანი გადის ქვეყნიდან, ვიდრე უკან შემოდის. ეს არის პრობლემა“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, დემოგრაფია არის საქართველოს ერთ-ერთი პრობლემა, უარყოფითი მიგრაციული სალდო კი ეკონომიკის ჯერ კიდევ სუსტ მდგომარეობას უკავშირდება.
აშშ თავშესაფრის მაძიებლებისთვის შეზღუდვებს აწესებს >>
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ორი წლის წინ საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებელი 4.250 დოლარი იყო, 2022 წლის ბოლოს – 6.800 დოლარი. მისი პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 8 ათას დოლარს შეადგენს.
2020 წელს საქართველოს პარლამენტმა მოქალაქეების ქვეყნიდან გასვლის წესები შედარებით გაამკაცრა. კერძოდ, მოქალაქეებს არ აქვთ საქართველოდან გასვლის უფლება, თუ ისინი სამართალდამცველი ორგანოების მიერ იძებნებიან, ან ყალბი თუ არასწორი დოკუმენტები წარადგინეს.
საქართველოში თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი - ბოლო მონაცემები >>
გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქე შესაძლოა არ გაუშვან ქვეყნიდან, თუ მას არ აქვს ბოლო 10 წლის განმავლობაში გაცემული ბიომეტრიული პასპორტი, და რომლის მოქმედების ვადა საქართველოს მოქალაქის სამშობლოში დაბრუნების მომენტისთვის მინიმუმ სამ თვეს არ შეადგენს.
საქართველოს მოქალაქეს შესაძლოა ეთქვას უარი, თუ მას არ აქვს დასაბრუნებელი ბილეთი ან ჯავშანი მასზე, ასევე არ აქვს დაჯავშნილი სასტუმრო, არ აქვს მითითებული შენგენის ზონაში მცხოვრები მიმღები მხარის ზუსტი მისამართი.
ყველა ახალი ამბავი
0