საქართველოში სამი პოლიციელი ძალადობრივ დანაშაულებში ამხილეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2023
გამოწერა
უწყების ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური აგრძელებს არასათანადო მოპყრობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სხვა ძალადობრივი დანაშაულების გამოძიებას.
თბილისი, 23 მარტი – Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აჭარაში, სამეგრელოსა და თბილისში მიმდინარე წლის იანვარ-მარტში სამი პოლიციელი არასათანადო მოპყრობასა და ძალადობრივ დანაშაულში ამხილა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
კერძოდ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ბათუმში 2023 წლის 8 თებერვალს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უფროსი დეტექტივი დააკავეს. მას გამოძიება მოქალაქის უკანონო დაკავებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ძალადობის ჩადენას ედავება.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 2 იანვარს ბრალდებულმა ბათუმში, წერეთლის ქუჩა №4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე თითქოსდა პიროვნების იდენტიფიკაციის მიზნით უკანონოდ დააკავა და პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანა ერთ-ერთი მოქალაქე. უწყების ცნობით, პოლიციელმა აღნიშნულ მოქალაქეს სასურველი ინფორმაციის მოპოვების მიზნით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
სამართალდამცველს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 147-ე (განზრახ უკანონო დაკავება) და 332-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ჩადენილი ძალადობით) მუხლებით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე სასამართლოს განჩინების საფუძველზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2023 წლის 17 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავა.
გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა 2022 წლის მაისსა და ივნისში ზუგდიდში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს. ასევე დაზარალებულსა და ცოლისძმას ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
სამართალდამცველს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 126-ე (ოჯახში ძალადობა) და 11-151-ე (მუქარა) მუხლებით წარედგინა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, დანაშაულში მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2022 წლის დეკემბერში მასთან ურთიერთობაში მყოფ ქალბატონს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე ის დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას და უკანონოდ უთვალთვალებდა.
სამართალდამცველს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 126-ე (ძალადობა) და 151-ე (ადევნება) მუხლებით წარედგინა. თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდებულს 5 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა, ის ასევე გათავისუფლდა სამსახურიდან.
წყარო - სპეციალური საგამოძიებო სამსახური
ყველა ახალი ამბავი
0