რუსეთს უპრეცედენტო დარტყმა მიადგა: პრემიერმა დუმას ანგარიში ჩააბარა

© photo: Sputnik / Dmitri Astakhov / გადასვლა მედიაბანკშიმიხაილ მიშუსტინი
მიხაილ მიშუსტინი - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2023
გამოწერა
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. გასულ წელს რუსეთს სანქციებით ისეთი ძალის დარტყმები მიადგა, რომელთა ტოლფასი უახლეს ისტორიაში არ ყოფილა, განაცხადა რუსეთის პრემიერ- მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა სახელმწიფო დუმაში მთავრობის მუშაობის შესახებ მოხსენებით გამოსვლისას.

„დასავლეთი არაფერზე იხევდა უკან: ააფეთქეს „ჩრდილოეთის ნაკადის“ ტოტები, დააყადაღეს ანგარიშები, გაგვთიშეს საერთაშორისო ანგარიშსწორების სისტემიდან, ცდილობდნენ დაებლოკათ ქვეყნის ყველა საბანკო და ეკონომიკური საქმიანობა“, — ჩამოთვალა მიშუსტინმა.

მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ დასავლეთში დიდი ხანია ლაპარაკობენ კერძო საკუთრების ხელშეუხებლობასა და სიწმინდეზე, მაგრამ ახლა რუსი ხალხისა და რუსული კომპანიების ქონებასა თუ ფულს მხოლოდ იმიტომ აპატიმრებენ, რომ ისინი „რუსული წარმოშობისაა“.
პრემიერის თქმით, დასავლეთი თავიდან აცხადებდა, რომ სანქციები რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ არ იყო მიმართული, თუმცა „ახლა გლობალური პოლიტიკისგან შორს მყოფ ადამიანსაც კი ესმის, რომ მთავარი სამიზნე სწორედ რუსი ხალხია“.
როგორც მიშუსტინმა აღნიშნა, დასავლეთი ცდილობდა რუსეთის საფინანსო სისტემის დამხობას, ეკონომიკური კავშირების მოშლას, აიძულებდა რა საკუთარ კომპანიებს, დაეტოვებინათ რუსული ბაზარი. ამავდროულად ქუჩაში გაყარეს რუსეთში დახურული ორგანიზაციების რუსი თანამშრომლები და მათ შემოსავალი წაართვეს.

„ეს ის ადამიანები არიან, რომელთა შრომამაც შეუქმნა მათ მრავალმილიარდიანი მოგება. მათ სურდათ ჩვენში მასობრივი უმუშევრობის პროვოცირება, ცხოვრების ხარისხის რადიკალურად შემცირება“, — განაცხადა რუსეთის მთავრობის მეთაურმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ანალიტიკოსები რუსეთის მშპ-ის ვარდნას ორნიშნა ციფრებით ვარაუდობდნენ, ვარდნა სრულიად ზომიერი აღმოჩნდა. და უფრო მეტიც, ახლა ზოგი საერთაშორისო ორგანიზაცია რუსეთს პოზიტიურ დინამიკას უწინასწარმეტყველებს.
რუსეთის პრემიერი დარწმუნებულია, რომ ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება ერთ-ერთი ყველაზე საიმედოა მსოფლიოში. მისი თქმით, გასულ წელს ქვეყანამ მარცვლეულის რეკორდული მოსავალი მიიღო — 157 მილიონი ტონა, რაც მან რუსეთის სოფლის მეურნეობის უზარმაზარ წარმატებად შეაფასა.
პრემიერმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ „ხელისუფლებამ საგრძნობლად შეუწყო ხელი სამეწარმეო საქმიანობას“. მისი თქმით, ამ მიზნით შემცირდა საშემოსავლო გადასახადის განაკვეთები რიგ დარგებში, დაფიქსირდა ქონების საკადასტრო ღირებულება სახელმწიფოსთვის გადასახადების გამოსათვლელად, სადაზღვევო შენატანებზე დაწესდა გადავადება, გაუქმდა დღგ სასტუმრო მომსახურებაზე, დაინერგა შეღავათიანი საკრედიტო ხაზი.
მიშუსტინის განცხადებით, რუსეთში არსებული ყველა საბანკო ბარათი, სანქციების მიუხედავად, მაინც მუშაობს, რუსეთმა მოახერხა ინფლაციური ზეწოლის შემცირება და საბანკო სექტორის სტაბილურობის შენარჩუნება.
ყველა ახალი ამბავი
0