სულისშემძვრელი პოსტები ინტერნეტიდან: ნამდვილი ამბები

© photo: Sputnik / athree23კომპიუტერის კლავიატურა გულით
კომპიუტერის კლავიატურა გულით - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2023
გამოწერა
თურმე სამყარო არც ისე სასტიკია და მძვინვარე, როგორიც ხშირად გვგონია; თურმე ჩვენ გარშემო უამრავი ისეთი რამ ხდება, რაც გაყინულ გულებს ათბობს და თვალებში სიხარულის ცრემლს აჩენს; თურმე მთელ მსოფლიოში არიან ისეთები, რომლებიც სიკეთეს სჩადიან და ისეთებიც, ვინც ამას ხედავს...

ჩვენ ინტერნეტ-სივრცეში გაბნეულ რამდენიმე ემოციურ პოსტს მოვუყარეთ თავი, რომლებიც სხვადასხვა ეროვნების, სქესისა თუ ასაკის ადამიანებს, ნანახითა თუ თავს გადახდენილით შეძრულებს, მაშინვე გაუზიარებიათ სოციალური ქსელებით.

აი ისინიც:
დღეს ჩემი შვილი სკოლიდან რომ დაბრუნდა, მაშინვე მთხოვა, ისეთი საიტი მომიძებნე, საიდანაც ჟესტების ენას ვისწავლიო. რაში გჭირდება-მეთქი, ვკითხე. მიპასუხა, ახალი გოგო გადმოვიდა ჩვენ მეზობლად, ყრუ-მუნჯია, მარტო ჟესტების ენა იცის და ვერავისთან ურთიერთობს, ჰოდა, უნდა ვისწავლო, რომ დავუმეგობრდეო.
***
როგორც ნებისმიერ სხვა სკოლაში, ჩვენთანაც არის ერთი ყველაზე პოპულარული გოგო — უჩვეულოდ ლამაზი და ჭკვიანი. ყველა ბიჭს უყვარს და თავს აწონებს, ის კი მხოლოდ ერთ ბიჭთან ატარებს მთელ დროს – საკუთარ აუტისტ უმცროს ძმასთან.
***
დღეს ავტოავარიაში მოყოლილი პატარა გოგონა მომიყვანეს საავადმყოფოში, სისხლის იშვიათი ჯგუფით. ძმა ჰყავდა, ტყუპისცალი, რომელსაც იგივე ჯგუფის სისხლი ჰქონდა. ეს გოგონას ხსნა იყო. ბიჭუნას დაველაპარაკე და ავუხსენი, რომ მისი დაიკოს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდებოდა და სისხლი უნდა გადაესხა. ერთი წამით დაფიქრდა, მერე მშობლებს დაემშვიდობა და პალატაში გამომყვა.
სისხლის გადასხმა რომ დავამთავრეთ, ვუთხარი, ახლა შეგიძლია დაისვენო-მეთქი. გაოცებულმა შემომხედა, როგორ, განა ახლა არ მოვკვდებიო, მკითხა.
გესმით?! გამოდის, რომ, როცა დისთვის სისხლის გადასხმაზე დამთანხმდა, დარწმუნებული იყო, რომ თავად მოკვდებოდა, ანუ მზად იყო, დის გამო სიცოცხლე დაეთმო.
***
ერთი გულსაბნევი მქონდა, ოქროსი კი იყო, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული, შეიძლება ითქვას, თვალში არმოსახვედრი. თუმცა მაინც მეკეთა ხოლმე.
ერთ დღესაც მეტროს ვაგონში ასე 70 წლის ბებო მომიჯდა გვერდით, ბროშს დააკვირდა და უეცრად მითხრა, მომყიდეო. თან საფულე ამოიღო. გაოგნებულმა უარი ვუთხარი, მაგრამ არ მომეშვა. ტელეფონის ნომერი ჩამაწერინა, თუ გადაიფიქრებ, დამირეკეო.
შინ დაბრუნებულმა საკუთარ ბებიას ვუამბე დილანდელი თავგადასავალი, ვკითხე, ხომ არ იცი, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო, ან რაში სჭირდებოდა ეს ერთი ჩვეულებრივი გულსაბნევი-მეთქი? მხრები აიჩეჩა, წარმოდგენა არ მაქვს, ახალგაზრდობაში მაჩუქეს, სხვა არაფერი ვიციო.
მოკლედ, ისე დავინტერესდი, იმ უცნობ ბებოს დავურეკე. აღმოჩნდა, რომ ეს გულსაბნევი დედამისს გაეყიდა 60 წლის წინ, რათა შვილებისთვის საჭმელი ეყიდა... ავიღე და უბრალოდ ვაჩუქე, უკან დავუბრუნე დედისეული სამკაული.
***
ქმარს ვეჩხუბე და გაბრაზებული ქუჩაში გავვარდი. სახლის წინ პატარა სკვერში ჩამოვჯექი, ცრემლები მახრჩობდა.
უეცრად ის მომიახლოვდა, გამეცნო, თავისი სახელი და ასაკი მითხრა, გამომელაპარაკა, რაღაც კითხვები დამისვა. ამ დროს დაუძახეს, დროზე წამოდიო. ახლოს მომიჩოჩდა, ხელზე მაკოცა, ლამაზი ხარო, გამიღიმა და წავიდა...
მადლობა შენ, ჩემო ძვირფასო 3 წლის დიმა, არასდროს დამავიწყდები.

ყველა ახალი ამბავი
0