„მოიზიდე და გაანადგურე“- დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანას ებრძვიან

© National Food Agency of Georgiaყანების დამუშავება
ყანების დამუშავება - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2023
გამოწერა
დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები იწყება.
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი აზიური ფაროსანას მონიტორინგს იწყებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მას შემდეგ აზიურ ფაროსანას აქტიურად ებრძვიან. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.
მავნებლის იდენტიფიკაციის მიზნით, სააგენტოს სპეციალისტები მონიტორინგს საკარმიდამო ნაკვეთებსა და მიტოვებულ შენობებში ახორციელებენ.
პარალელურად, საკოორდინაციო მართვის ცენტრი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აქტიურად განაგრძობს საინფორმაციო შეხვედრებს მოსახლეობასთან.
ღონისძიებების პირველი ეტაპის საფუძველზე, იმ ტერიტორიებზე, სადაც მავნებლის დიდი კონცენტრაცია დაფიქსირდება, დამონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები, რაც შეამცირებს მავნებლის რაოდენობას და ხელს შეუწყობს გავრცელების ზუსტი არეალის დადგენას.
მონიტორინგის შედეგებისა და მავნებლის ბიოლოგიური ციკლის გათვალისწინებით, ტემპერატურის მატებასთან ერთად, დაიგეგმება წამლობითი ღონისძიებები.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, აქტიურად ჩაერთონ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში. მოსავლის დაცვის მიზნით, დროულად განახორციელონ აგროკალენდრით გათვალისწინებული ღონისძიებები თხილის ბაღებსა და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებში.
„ბოლო წლებში სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აქტიური და ეფექტიანი ღონისძიებების შედეგად, მავნებლის გეოგრაფიული არეალი არ გაზრდილა და მხოლოდ დასავლეთ საქართველოშია ლოკალიზებული, თუმცა, პრევენციის მიზნით, მონიტორინგის სისტემები აღმოსავლეთ საქართველოშიც განთავსდება“, - აღნიშნავენ უწყებაში.
მასიური გავრცელების შემთხვევაში აზიურ ფაროსანას, იგივე აზიურ ბაღლინჯოს შეუძლია ვაშლის, ატმის, ყურძნის, მარწყვის კულტურებისა და თხილის მოსავლის 70%-ის განადგურება.
აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი. ადამიანისთვის აზიური ფაროსანა საშიშროებას არ წარმოადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0