ხე დაეცა: ფოთში ძლიერი ქარის გამო მერიის თანამშრომელი დაშავდა

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2023
გამოწერა
ფოთის მოსახლეობას მოუწოდებენ, გარდა აუცილებელი შემთხვევისა, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. ქალაქ ფოთში, სადაც ძლიერი ქარი დაფიქსირდა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მერიის თანამშრომელს ხე დაეცა.
შემთხვევა იმ მომენტში მოხდა, როდესაც მერიის თანამშრომელი უამინდობით დაზარალებული ტერიტორიის ფოტოგადაღებას ახორციელებდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ხელისა და მენჯ-ბარძაყის ძვლის მოტეხილობა აქვს. ქალი ფოთის „ევექსის“ კლინიკაში გადაიყვანეს.
„სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მრავლობითი მოტეხილობები მიიღო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელმა, რომელიც მკურნალობას გადის საავადმყოფოში“, – ნათქვამია ფოთის მერიის განცხადებაში.
სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალს ხე დაეცა და მას მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება, თუმცა შინაგანი ორგანოები დაზიანებული არ აქვს. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაშავებული ქალი ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს.
დასავლეთ საქართველოში ამ დრომდე ძლიერი ქარია. წაქცეულია ხეები, ელექტროგადამცემი ხაზის ბოძები. პრობლემები შეიქმნა გზებზეც. ზოგიერთ დასახლებაში ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.
ფოთის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, გარდა აუცილებელი შემთხვევისა, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.
„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ფოთის მერიის შესაბამისი სამსახურები. მოქალაქეებს შეგიძლიათ საჭიროების შემთხვევაში დარეკოთ მერიის ცხელი ხაზის ნომერზე ან დაუკავშირდეთ მერიის წარმომადგენლებს", – ნათქვამია ინფორმაციაში.
ღამით ქარის გაძლიერებას ელოდებიან.
ყველა ახალი ამბავი
0