მსოფლიო ბანკი გააგრძელებს საქართველოში რეფორმების მხარდაჭერას

© photo: Sputnikგზის სარემონტო სამუშაოები
გზის სარემონტო სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2022
გამოწერა
ირაკლი ქარსელაძემ საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა.
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. მსოფლიო ბანკი მზადაა ახალი პროექტების განხორციელებაში საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს, განაცხადა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების რეგიონულმა დირექტორმა სამეჰ ვაჰბამ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე თბილისში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული როგორც დასრულებული, ისე მიმდინარე პროექტები და აღნიშნეს, რომ განიხილავენ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების მიმართულებით საქართველოს გამოცდილების გაზიარებას რიგი ქვეყნებისთვის.
მსოფლიო ბანკი სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით საქართველოს დახმარებას განაგრძობს>>>
თავის მხრივ, ქარსელაძემ აღნიშნა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობა ქვეყნის რეგიონების მდგრადი და დაბალანსებული განვითარებისთვის.
მინისტრმა სტუმრებს დეტალურად გააცნო მსოფლიო ბანკის პროგრამების ფარგლებში მუნიციპალური და ტურისტული ინფრასტრუქტურის, კულტურული მემკვიდრეობისა და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციის მიზნით მიმდინარე პროექტების შესრულების პროცესი და შედეგები.
ქარსელაძემ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს ასევე გაუზიარა ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ მიმდინარეობის შესახებ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროექტების ნაწილი დასრულდა, ხოლო ნაწილი დასრულების ეტაპზეა.
ოთხწლიანი პროგრამა „განახლებული რეგიონები“ 2021 წლის აპრილში ამოქმედდა. პროგრამის პირველი ეტაპი საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და ამ ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია.
პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტების განვითარებას გულისხმობს.
პროექტები განხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით.
საქართველო მსოფლიო ბანკის წევრი 1992 წლის 7 აგვისტოს გახდა. მას შემდეგ ბანკმა საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ასზე მეტი პროექტის დასაფინანსებლად დაახლოებით 4,3 მილიარდი დოლარის შეღავათიანი კრედიტები და სესხები გამოუყო.
ყველა ახალი ამბავი
0