„მთელ ნეაპოლს უყვარხარ“: იტალიელი გულშემატკივრები კვარაცხელიას ბოდიშს უხდიან

© SSC Napoliხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2022
გამოწერა
მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება.
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. ნეაპოლელი გულშემატკივრები სოციალურ მედიაში ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას სახლის გაქურდვის ფაქტს ეხმაურებიან და მას ბოდიშს უხდიან. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი" ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ იტალიაში კლუბ „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას სახლი გაქურდეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მოპარულია ქართველი ფეხბურთელის ავტომობილი Mini Countryman. გავრცელებული ინფორმაციით, სპორტსმენი შემთხვევის დროს შინ იმყოფებოდა, თუმცა მძარცველები ვერ შეამჩნია.

„კვარა, ის ხალხი ჩვენ არ წარმოგვადგენს, ბოდიშს გიხდით“, „მთელ ნეაპოლს უყვარხარ, ამ კრიმინალებმა შეარცხვინეს ჩვენი ხალხის იმიჯი“, „სხვა დროს ეს არასდროს მოხდებოდა, ოდესღაც „ნაპოლის“ ფეხბურთელებს არავინ ეხებოდა“, „იმედია, მალე იპოვიან მის მანქანას და ქურდები დაისჯებიან!“, „ნუ დავანგრევთ ამ მშვენიერ ოცნებას“, – წერენ ნეაპოლელი გულშემატკივრები სოციალურ მედიაში.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ქართველმა გარემარბმა უკვე დაწერა განცხადება პოლიციაში.
21 წლის ხვიჩა კვარაცხელია იტალიურ „ნაპოლის“ მიმდინარე წლის ივლისში შეუერთდა და კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. კვარაცხელია კახა კალაძისა და ლევან მჭედლიძის შემდეგ მესამე ფეხბურთელია, რომელიც იტალიის ჩემპიონატში ასპარეზობს.
აღსანიშნავია, რომ ქართველი შემტევი იტალიის საფეხბურთო ასოციაციამ Seria A-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. ნეაპოლში მას უკვე „კვარადონას“ ეძახიან, ადარებენ რა ლეგენდარულ დიეგო არმანდოს, და „კვარა-სტელას“ – ვარსკვლავ-ბიჭუნას.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0