„ქართველები უნაკლო ხალხია“, ანუ დიუმას თავგადასავალი საქართველოში

© courtesy of Griboedov Drama Theater
  - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2022
გამოწერა
ფრანგმა მწერალმა ალექსანდრე დიუმამ 1858 წელს რუსეთის იმპერიაში მრავალთვიანი მოგზაურობა დაიწყო და საქართველოსაც ეწვია. თბილისში ის ბაქოს გავლით ჩამოვიდა.
ბესიკ ფიფია, წიგნიდან „დიდი ადამიანები საქართველოში“
მისმა ჩანაწერებმა, რომლებიც შემდგომ წიგნ „კავკასიად“ იქცა, საქართველოს ისტორია და გეოგრაფია, ქართველების ყოფა-ცხოვრება და ზნე-ჩვეულებანი საფუძვლიანად გააცნო მსოფლიოს.
აი, რას წერდა დიუმა:

„ვაღიარებ, წარმომედგინა, რომ ნახევრად ველურ ქვეყანაში მივდიოდი, ისეთში, როგორებიც ნუხი ან ბაქოა, მხოლოდ უფრო დიდი მასშტაბისა. მე შევცდი. ფრანგული კოლონიის წყალობით, რომელსაც უმთავრესად პარიზელი მკერავები და მოდისტები შეადგენენ, ქართველი მანდილოსნები იტალიური თეატრისა თუ დიდი ბულვარების მოდებს შეიძლება მხოლოდ ორიოდე კვირით ჩამორჩებოდნენ“.

დიდი სტუმარი საქართველოში საფრანგეთის კონსულმა, ბარონმა ფინომ ქართულ თეატრში მიიწვია. მწერალი, რომელსაც საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის, ინგლისის თეატრების დარბაზები ენახა და „მხოლოდ ტფილისში დარბაზის ნახვაღა დარჩენოდა“, მიწვევას დათანხმდა. ოპერის შესრულებით დიდად კმაყოფილი არ დარჩენილა, თეატრის შესახებ კი დაწერა:

„სინდისის ქენჯნის გარეშე ვიტყვი, რომ ტფილისის თეატრის დარბაზი ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე დარბაზია, რომელიც კი მინახავს. თანაც შესანიშნავ დარბაზს მშვენიერი ქალები კიდევ უფრო ალამაზებენ“.
თეატრის გარდა, დიუმამ აღფრთოვანებული სტრიქონები მიუძღვნა თბილისურ აბანოებსაც:
„რატომაა, რომ გრძნობათა მორევის ისეთ ქალაქს, როგორიც პარიზია, არ აქვს ასეთივე აბანოები? რატომ არცერთი საქმოსანი არ გამოიწერს ტფილისიდან თუნდაც ორიოდე მექისეს?..“

უნაკლო ხალხი

დიუმას ბატონ ფინოსთვის, რომელიც უკვე სამი წელი იყო, რაც ტფილისში ცხოვრობდა, უკითხავს, ქართველებზე რა აზრის ხართო.
— ეს უნაკლო ხალხია, ყველა საუკეთესო თვისებით, — უპასუხა კონსულმა.

„როგორია ასეთი სიტყვების მოსმენა ფრანგისგან, რომელიც, როგორც ეს ყველგან და ყოველთვის ხდება, ყოველივე უცხოურს ლანძღავს და საკუთარ თავს ყველაზე მაღლა აყენებს?! სიმამაცით განთქმულმა ერთმა რუსმა, გვარად შერემეტიევმა, ქართველებზე მითხრა, ისინი ბრძოლაში უნდა ნახოთ, როდესაც თავიანთი წყეული ზურნის ხმას გაიგონებენ, ადამიანები კი არა, ტიტანები ხდებიან, რომელთაც ცის დაპყრობაც კი შეუძლიათო“, — წერდა დიუმა.

ფრანგი მწერლისთვის „ერთ ღირსეულ გერმანელს“ კი, რომელიც ტრაბახობდა, ჰაიდელბერგის დუქანში ერთ ჯერზე 12 კათხა ლუდს ვსვამდიო, უთქვამს: ქართველები სუფრასთან უნდა ნახო — თხუთმეტ, თვრამეტ, ოც ბოთლ ღვინოს ისე ყლაპავენ, თითქოს აქ არაფერი მომხდარაო.

როგორ დაათრო დიუმამ ქართველები

ერთ მშვენიერ დღეს ალექსანდრე დიუმას ჟურნალ „ცისკრის“ თითქმის მთელი რედაქცია მიადგა თურმე და სადილზე დაპატიჟა. მწერალი დათანხმდა.
მის პატივსაცემად რედაქციაში დიდი სუფრა გაშალეს და სპეციალურად სტუმრისთვის ქეიფის განთქმული მოყვარულებიც მიიწვიეს. დარბაზში ღვინით სავსე უზარმაზარი ჩაფი იდგა, რომელიც, დიუმას შეფასებით, შესაძლოა, 100-მდე ლიტრსაც კი იტევდა. მოქეიფეებს ეს ჭურჭელი უნდა დაეცალათ.
ალესანდრე დიუმა (მამა) თბილისში, ჟურნალ „ცისკრის რედაქციაში ნადიმზე - Sputnik საქართველო
ამ ღონისძიების შესახებ დიუმამ დაწერა:

„რამდენი ბოთლი დავცალე მუსიკოსებისა და პოეტის ზუზუნის ფონზე, არ ვიცი. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს საპატიო ციფრი იქნებოდა, ვინაიდან სადილის დამთავრების შემდეგ წამოიჭრა ჩემთვის მოწმობის მოცემის საკითხი, რომელიც ჩემს უნარს დაადასტურებდა — არა სულიერს, არამედ ფიზიკურს. წინადადება აიტაცეს. აიღეს ფურცელი, რომელზეც თითოეულმა საკუთარი აზრი დაწერა, მერე კი ხელიც მოაწერეს.

„ბატონმა ალექსანდრე დიუმამ მის პატივსაცემად გამართულ სადილზე უფრო მეტი ღვინო დალია, ვიდრე ქართველებმა. 1858, 29 ნოემბერი, ივანე კერესელიძე, ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორი“.

შემდეგ კალამი აიღო ნიკოლოზ ჭავჭავაძემ: „მე ვესწრებოდი და გახლავართ მოწმე, რომ ბატონმა დიუმამ უფრო მეტი ღვინო შესვა, ვიდრე ქართველებმა“.

სხვათა შორის, ფრანგ მწერალს მრავალეროვან ტფილისში ქართველის ამოცნობის საკუთარი მეთოდი ჰქონია.
ასე წერდა: „თუ [კაცს] ნათელი სახე და სწორი ცხვირი აქვს, თვალები, წარბები და თმები — შავი, კბილები — თეთრი, თუ მას მოკლებეწვიანი, წვეტიანი ქუდი ახურავს, ესე იგი ქართველია. რაც უნდა თქვას, ეს წმინდა წყლის სიმართლე იქნება“.
„სამი მუშკეტერის“ ავტორი აღუფრთოვანებია დასავლეთ საქართველოს ქალებს:

„მთელი ძველი კოლხეთის ქალები საუცხოონი არიან... მეგრელი ქალები, განსაკუთრებით კი შავთვალება ქერათმიანები და ცისფერთვალება შავგვრემნები დედამიწის ზურგზე ყველაზე ლამაზი ქმნილებები არიან“.

დაკრძალვა ფოთში

ალექსანდრე დიუმა ფოთსაც ეწვია და იქ შემთხვევით დაკრძალვის ცერემონიას შეესწრო. მწერალს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ საქართველოში დაკრძალვა სპეციალურად დადგმულ სპექტაკლს ჰგავდა. და ამის დასტურად ერთ ამბავს იხსენებდა:

„როდესაც უკანასკნელი დადიანი გარდაიცვალა, მიცვალებულის ყოველი ნათესავი და მეგობარი ეკლესიაში უნდა შესულიყო ისე, რომ ორივე მხრიდან სხვა ხალხს ხელით სჭეროდა, თითქოს დაღლილობისგან მუხლები ეკვეთებოდა. მას თავგანწირვით უნდა ეყვირა, გულზე მუშტები ერტყა, ტანზე პერანგი შემოეხია. ერთი სიტყვით, მთელი სპექტაკლი თამაშდებოდა.

ამ დროს სხვა საინტერესო სცენებიც ხდებოდა. მაგალითად, მიცვალებულის მეზობელი, აფხაზეთის მთავარი მიხეილ შერვაშიძე, როგორც ნათესავი, თავს მოვალედ მიიჩნევდა, ეს მწუხარება გაეზიარებინა, ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად მაინც. მასაც ორი ადამიანი იჭერდა აქეთ-იქიდან და ისიც ტრადიციულად ყვიროდა, ტიროდა, კვნესოდა. უეცრად ეკლესიის მახლობლად ყვირილი გაისმა... აღმოჩნდა, რომ მთავრის ხალხი მეგრელებისთვის მოპარული ცხენებით მოსულიყვნენ, მათ კი ეცნოთ და უკან დაბრუნებას ითხოვდნენ…ამჯერად ყვირილი სრულიად ბუნებრივი გამოვიდა“.

გორელი ვასილი

ფოთში დიუმა თბომავალს ელოდებოდა, რომელიც საფრანგეთიდან უნდა ჩამოსულიყო. იქ ვიღაც გორელი ვასილი გაუცვნია, დამეგობრებია და ბოლოს მწერალს საფრანგეთში წასვლაც კი შეუთავაზებია მისთვის. ვასილიც სიხარულით დათანხმებია.

დიუმა და ვასილი გემბანზე კი ასულან, მაგრამ ხომალდს ჯარისკაცები მისდგომიან და მწერლის ახალი ნაცნობი უკან ჩაუყვანიათ. თურმე ვასილი, რომელსაც უცხოეთში წასასვლელად პასპორტი არ ჰქონდა, ადგილობრივ მეგობარს დაებეზღებინა, რომელსაც მისი შეშურებოდა.

დიუმამ ვასილს პოლკოვნიკ რომანოვთან წერილი გაატანა, რაც მას პასპორტის მიღებაში უნდა დახმარებოდა, და რეკომენდაციაც გაუწია. თავად კი სამშობლოში დაბრუნდა.

ერთ მშვენიერ დღეს მწერალი მოსამსახურეს დილის ექვს საათზე გაუღვიძებია და შეშინებულს უთქვამს:

— ქვევით ვიღაც კაცი დგას, არცერთ ენაზე არ ლაპარაკობს, „მუსიო დიუმას“ ბუტბუტებს მხოლოდ და მოითხოვს, რომ შემოვუშვათ.

მწერალი წამომხტარა და კიბეზე ჩაურბენია. გუმანით გრძნობდა, ვინც უნდა ყოფილიყო.
არც შემცდარა.
„ეს ყოჩაღი კაცი ქუთაისიდან პარიზში მაინც ჩამოვიდა. ციებ-ცხელება შეყრია და კონსტანტინოპოლში 27 დღე წოლილა, გზაში 61 ფრანკი და 50 სანტიმი დაუხარჯავს და ეს ყველაფერი ისე, რომ ფრანგულად ერთი სიტყვაც არ იცოდა. მხოლოდ ორი სიტყვით მომაგნო: „მუსიო დიუმა“...
ყველა ახალი ამბავი
0