მოსახლეობის საყურადღებოდ! ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის გამო პატიმრობა გემუქრებათ

© photo: National Forest Agency / FBგამაფრთხილებელი ნიშნები
გამაფრთხილებელი ნიშნები - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2021
გამოწერა
ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას უსაფრთხოების წესების დაცვისა და იმ აკრძალვების შესრულებისკენ მოუწოდებს, რაც ტყეში გადაადგილებაზე ვრცელდება.

თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას ტყეებში ხანძრების თავიდან აცილების მიზნით უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს, აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მაღალი ტემპერატურის გამო ზაფხული ხანძარსაშიში პერიოდია. ტყეში ხანძრების გაჩენის ძირითადი მიზეზი ადამიანების დაუდევრობაა, რამაც შეიძლება სავალალო მდგომარეობამდე მიგვიყვანოს, აღნიშნავენ სააგენტოში.

ეროვნულმა სატყეო სააგენტომ საქართველოს მასშტაბით იმ ტერიტორიებზე, რომლებიც განსაკუთრებით დატვირთულია ტურისტულ სეზონზე და სადაც ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია, საინფორმაციო-გამაფრთხილებელი ნიშნები დაამატა. უწყება მოსახლეობას მოუწოდებს, დაემორჩილონ იმ აკრძალვებს, რომლებიც სატყეო ზონის ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილების მოწყობაზე და კოცონის დანთებაზე ვრცელდება. 

ხანძტის ჩაქრობა - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
მაშველები კახეთში ხანძარსაწინააღმდეგო ზომებს იღებენ

კერძოდ, სააგენტოს განცხადებით, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში.

ტყეების დანარჩენ ტერიტორიებზე კი ხანძრის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. სააგენტოს ინფორმაციით, ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას.

სამართალდამრღვევებს დაეკისრებათ როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. კერძოდ, ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად გამოიწვევს დაჯარიმებას 100-დან 200 ლარამდე, ორ წლამდე ვადით გამასწორებელ სამუშაოს ან ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას. 

ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში კი კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან რვა წლამდე ვადით.

საქართველოში სიცხის დადგომისთანავე ხანძრები ხშირად ჩნდება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო 2017 წლის ზაფხულში. ყველაზე დიდი ხანძარი ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის ტყეში გაჩნდა. მას ექვსი დღის განმავლობაში აქრობდნენ. სპეციალისტების მონაცემებით, ხანგრძლივი ხანძრების შედეგად ასობით ჰექტარი უნიკალური ტყე განადგურდა. ტყის ხანძრების დროს ვითარება მთიანმა რელიეფმა, ქარმა და კლიმატურმა პირობებმა გაართულა. საქართველოს ხანძრის ჩაქრობაში მაშინ დახმარება აღმოუჩინეს თურქეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და ბელარუსმა. დახმარების მზადყოფნა რუსეთმაც გამოთქვა.

ყველა ახალი ამბავი
0