ტურიზმის სექტორი მთავრობას ღია წერილით მიმართავს და რეკომენდაციებს აცნობს

© photo: Sputnikდამსვენებლები გუდაურში
დამსვენებლები გუდაურში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდს თავად შესთავაზეს გეგმა, თუ როგორ განაახლებენ მუშაობას უსაფრთხოდ.

თბილისი, 24 იანვარი - Sputnik. ტურიზმის სექტორი საქართველოს მთავრობას ღია წერილითა და რეკომენდაციებით მიმართავს, იუწყება პირველი არხი.

კრიზისი ეკონომიკაში - Sputnik საქართველო
საქართველოში ტურისტების პირველი ჯგუფები, შესაძლოა, უკვე გაზაფხულზე შემოვიდნენ

22 იანვარს უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 1 თებერვლიდან ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა ამ ეტაპზე ტურიზმის, მათ შორის, სამთო-სათხილამურო კურორტების გახსნა არ იგეგმება და არსებული შეზღუდვები კვლავ ძალაში რჩება. მთავრობის გეგმის მიხედვით, ზამთრის კურორტები მუშაობას 1 მარტიდან განაახლებენ. საქართველოში ზამთრის კურორტებზე ტურისტული სეზონი, ჩვეულებრივ, დეკემბრის დასაწყისში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება. შესაბამისად, წლევანდელი სეზონი ოთხჯერ უფრო ხანმოკლე იქნება და მხოლოდ ერთი თვით შემოიფარგლება.

აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ტურიზმის სფეროს წარმომადგენელთა უკმაყოფილება გამოიწვია.

განცხადებას, რომელსაც სექტორი მთავრობას ორშაბათს გაუგზავნის, ხელს აწერენ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია, საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაცია, საქართველოს გამყვანი ტურიზმის ასოციაცია, სატრანსპორტო კომპანიები, ტუროპერატორები.

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები სამთო-სათხილამურო კურორტების გახსნას 1 თებერვლიდან ითხოვენ. მათი თქმით, სათხილამურო სრიალისთვის ეკიპირებული ადამიანი ვირუსის გადატანის საფრთხეს არ წარმოადგენს.

„სამთო კურორტების სასტუმროებსაც ისევე შეუძლია კოვიდ უსაფრთხოების რეგულაციების დაცვა, როგორც კახეთის ან სხვა რეგიონის სასტუმროებს, სადაც საკმაოდ მაღალი მობილობა შეიმჩნეოდა, მაგრამ ამით ეპიდ-მდგომარეობა არ გაუარესებულა“, - ნათქვამია წერილში.
დაკეტილი რესტორნები ძველ თბილისში - Sputnik საქართველო
მთავრობა ტურისტული სექტორის დახმარებას აფართოებს

როგორც წერილშია აღნიშნული, ტურიზმის სექტორი ასევე მოითხოვს როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო საზღვრების გახსნას. ამასთან, მათი რეკომენდაციით, საზღვარზე შემოსულმა ტურისტმა უნდა წარადგინოს PCR ტესტის დამადასტურებელი საბუთი, ანტისხეულის დამადასტურებელი საბუთი ან სწრაფი ტესტი ადგილზე ჩაუტარდეს.

„სასწრაფოდ შემუშავდეს კოვიდ-დაზღვევის პროგრამა უცხოელი ვიზიტორებისთვის. ეს დამატებით შემოსავალს გაუჩენს სადაზღვევო კომპანიებს, ასევე დამატებითი შემოსავალი გაჩნდება ქვეყნისთვისაც, ასევე მოაგვარებს პრობლემას ვინ და რა სახსრებით მკურნალობს ვიზიტორს, თუ საქართველოში ყოფნის დროს დაუდგინდა კოვიდ ვირუსი“, - ნათქვამია მთავრობისთვის განკუთვნილ წერილში.

სექტორი მოითხოვს რეგულარული რეისების აღდგენისთანავე გაიხსნას რესტორნები, მუზეუმები და სხვა ღირსშესანიშნაობები, სადაც მოხდება რეგულაციების მკაცრი დაცვა და განხორციელდება კონტროლი.

ტურისტული სექტორი, რომელშიც დაახლოებით 150 ათასი ადამიანია დასაქმებული, კორონავირუსის პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა.

გასულ სეზონზე, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის არიდების მიზნით, საქართველოს მთავრობამ მარტში ზამთრის სათხილამურო კურორტებზე სეზონის ვადაზე ადრე დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ბაკურიანის, გუდაურის, გოდერძისა და მესტიის სათხილამურო კურორტებზე სპეციალური შეზღუდვები დაწესდა. კერძოდ, სასტუმროების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად. გაჩერებულია სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

ყველა ახალი ამბავი
0