თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. ქართველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ინფორმაცია მოჭადრაკემ საკუთარ Facebook-გვერდზე გაავრცელა.
ევროპის საკლუბო ჩემპიონატი კოვიდ-პანდემიის გამო ონლაინ ჩატარდა, სადაც ძაგნიძე ფრანგული კლუბი „მონტე კარლოს“ სახელით ასპარეზობდა.
„ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული! წელს „მონტე კარლოს" შემადგენლობაში, სადაც ათი წლის წინათაც ვასპარეზობდი“, – დაწერა ქართველმა მოჭადრაკემ.
ნანა ძაგნიძემ მე-2 საჭადრაკო დაფაზე 14 შესაძლო ქულიდან 9 ქულა მოიპოვა და გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
„მონტე კარლომ“ რუსული კლუბები „უგრა“ და „გამბიტ ვოლგოგრადი“ დაამარცხა. ფრანგულმა კლუბმა ასევე პოლონურ „ჰუსარდსაც“ აჯობა.
ძაგნიძის გარდა „მონტე კარლოს“ შემადგენლობაში ასპარეზობდნენ ალექსანდრა გორიაჩკინა (რუსეთი), პია კრამლინგი (შვედეთი), ელიზაბეტ პეტცი (გერმანია), მონიკა სოჩკო (პოლონეთი). გუნდის კაპიტანი ფრანგი ელმირა სკრიპჩენკო იყო.
ნანა ძაგნიძემ ბოლოს საერთაშორისო ტიტული 2017 წლის ნოემბერში ბათუმის საჭადრაკო კლუბ „ნონას“ სახელით მოიპოვა. კლუბში იმ დროისთვის ხუთი მოჭადრაკე იყო გაერთიანებული, რომლებმაც ანტალიაში გამართულ ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიგეს.