თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ვარძიისა და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალებში ვიზიტორთა მიღება დროებით იზღუდება, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სააგენტო მოქალაქეებს და ტურისტულ კომპანიებს დაგეგმილი ვიზიტებისა და ტურების გადავადებისკენ მოუწოდებს.
„ეპიდემიური ვითარების გაუარესების რისკის გამო სააგენტო მის დაქვემდებარებაში მყოფ ვარძიისა და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალების ტერიტორიებზე ვიზიტორთა დაშვებას დროებით ზღუდავს. ეპიდსიტუაციის დასტაბილურების შემდეგ კომპლექსებზე დამთვალიერებელთა მიღება ჩვეულ რეჟიმში განახლდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ბოლო ორ თვეში საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა. კორონავირუსის პირველი ტალღის დროს – 26 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე – ინფიცირებულთა რაოდენობა მთლიანობაში 1500-ს არ აჭარბებდა. ბოლო დღეების მონაცემებით კი დღიურმა მაჩვენებელმა 3 ათასს მიაღწია.
10 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 2970-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 63 650 შეადგინა.