თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. მკვლელობა მოხდა თბილისის გარეუბანში. ქართული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ავჭალაში შუახნის მამაკაცი ავტომანქანაში ჩაცხრილეს.
ავჭალაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
შემთხვევა სარაჯიშვილის ქუჩაზე, 69 ნომერთან დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა.
თვითმხილველთა ცნობით, მამაკაცს რომელიც „კიას“ მარკის ავტომობილში იჯდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან 5-6-ჯერ ესროლეს, ხოლო დანაშაულში ეჭვმიტანილმა პირმა გაქცევა მოასწრო.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარებას გულისხმობს.