თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. მაღალმთიანი აჭარის 17 სკოლაში დიდთოვლობის გამო სწავლის პროცესი შეწყდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში მოსწავლეები არ გამოცხადდნენ, რის გამოც ხულოს მუნიციპალიტეტის 10 და შუახევის მუნიციპალიტეტის 7 სკოლაში გაკვეთილები არ ჩატარდა.
ხულოს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარი დაბალი ზონის სოფლებში 50 სმ-ია, მაღალი ზონის სოფლებში – 1 მეტრი, ხოლო კურორტ გოდერძიზე 1,5 მეტრსაც აღწევს.
ამჟამად ინტენსიურად მიმდინარეობს საავტომობილო გზების გაწმენდა.