თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფის კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კენჭისყრა შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართა.
„ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ისტორიული შესაძლებლობა ქართული ფეხბურთისთვის. მომენტი, როდესაც მისი ისტორიის გადაწერას შევძლებთ“, - განუცხადა სლოვამკა სპეციალისტმა უეფას პრესსამსახურს.
უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფის კენჭისყრის შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრები ნახევარფინალის მატჩს ბელარუსის წინააღმდეგ თბილისში, 26 მარტს გამართავს.
D დივიზიონის მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ჩრდილოეთ მაკედონიისა და კოსოვოს გუნდები შეხვდებიან.
საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ევრო-2020-ის შესარჩევი ტურის მეტოქეების ვინაობა ცნობილია >>
ფინალი 31 მარტს საქართველო-ბელარუსის წყვილის გამარჯვებულის მოედანზე გაიმართება. D დივიზიონის საუკეთესო ნაკრები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მიიღებს.
საიუბილეო EURO-2020 ევროპის 12 ქალაქში 12 ივნისიდან 12 ივლისამდე ჩატარდება. ევროპის ჩემპიონატის ფინალი ინგლისში „უემბლის“ სტადიონზე შედგება.