თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. პოპულარული ქართული სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე აღარ გავა, ინფორმაციას ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს.
ჟორჟოლიანმა სერიალის შესახებ ტელეკომპანია „კავკასიაზე“ ისაუბრა. მისი თქმით, არხზე სერიალი სეზონის ბოლომდე იქნება.
„ჩემი ცოლის დაქალები“ „ფორმულა კრეატივის“ მიერ შექმნილი სატირულ-იუმორისტული ჟანრის ქართული სერიალია, რომელიც „რუსთავი 2“-ზე 2011 წლიდან გადის.
ცნობილი ხდება, რომ „რუსთავი 2“-ზე ასევე აღარ გავა გადაცემები „ჩემი სამზარეულოს წესები“ და „მთავარი ექიმი“.
„ფორმულა კრეატივმა“ ცოტა ხნის წინ ახალი ტელევიზიის შექმნის შესახებ განაცხადა, სადაც მათი წარმოებული ყველა პროექტი გავა.