TBC Bank-ის საქმე – მინისტრ გახარიას პირველი შეფასება

გამოწერა
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ეროვნული ბანკი კარგად ერკვევა შექმნილ ვითარებაში, ხოლო თავად TBC Bank-ი არ დაზარალდება.

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. TBC Bank-ი ქართულ ბაზარზე მნიშვნელოვანი ფინანსური მოთამაშეა, ეს საქართველოს ეროვნულ ბანკშიც იციან, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ყოფილმა ბიზნეს-ომბუდსმენმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ვინ ვის: ანაკლიის პორტი მამუკა ხაზარაძეს თუ პირიქით>>>

ხუთშაბათს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ხელმოწერის უფლება შეუჩერა TBC Bank-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი გახდა დარღვევები, რომლებიც 2007-2008 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციებს უკავშირდება. ეროვნულმა ბანკმა შემოწმებისას გამოავლინა ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები.

„ეს გახლავთ მარეგულირებლის მიერ ფინანსური ბაზრის რეგულაციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება და ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. თუ მეკითხებით, როგორც ყოფილ ბიზნეს-ომბუდსმენს, გიპასუხებთ, რომ TBC Bank-ი არის სისტემური ბანკი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაზე კარგად ესმის ეროვნულ ბანკს", – განაცხადა გახარიამ.

მისი სიტყვებით, ყველაზე კარგად სწორედ ეროვნულ ბანკს ესმის TBC Bank-ის, როგორც ქვეყანაში მსხვილი ფინანსური მოთამაშის მნიშვნელობა.

„დღეს არ არსებობს ქვეყანაში ინსტიტუცია, რომელსაც უკეთ ესმოდეს TBC Bank-ის მნიშვნელობა ფინანსური სისტემისთვის, ამიტომ აქ არანაირი კითხვები არ იქნება, უფრო მეტიც, როცა საკუთარ გუნდშია რეგულატორი, ჩემი მხრიდან კომენტარები აბსოლუტურად უადგილო და ზედმეტია", – განაცხადა გახარიამ.

ხაზარაძემ სებ-ის გადაწყვეტილებას უკვე უწოდა მისი და მისი მოადგილის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ნაწილი, რომელიც 8 თვის განმავლობაში მიდის. TBC Bank-ის ხელმძღვანელობა საკუთარი სიმართლის დამტკიცებას სასამართლოში აპირებს.

მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
ხაზარაძისა და ჯაფარიძის სამეთვალყურეო საბჭოდან გასაწვევად TBC ბანკს ორთვიანი ვადა მიეცა

ამასთან, იანვრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ TBC Bank-ის დოკუმენტაცია ამოიღო და მის შესწავლას შეუდგა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წლის აპრილსა და მაისში შპს „სამგორი თრეიდმა" და შპს „სამგორი M"-მა ბანკისგან სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე მათ აღნიშნული თანხა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს გადასცეს. მოგვიანებით ეს კრედიტი ბანკის მიერ განულდა, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ კი მიღებული თანხა არ დააბრუნეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით, რომელიც ითვალისწინებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას („ფულის გათეთრებას") და ისჯება 9-დან 12 წლამდე პატიმრობით.

ხაზარაძე კატეგორიულად უარყოფს კანონის დარღვევას. მისი სიტყვებით, 11 წლის წინანდელი საქმე მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იურიდიულმა კომპანია DENTONS-მა შეისწავლა და დაადგინა, რომ არა თუ ფულის გათეთრებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ან რაიმე კრიმინალურ ქმედებას, არამედ ინტერესთა კონფლიქტსაც კი არ ჰქონია ადგილი.

2018 წლის ივლისში TBC Bank-ი და "საქართველოს ბანკი" მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კრიტიკის ობიექტი გახდნენ. როგორც ივანიშვილმა განაცხადა, ორმა ბანკმა „ქვეყანა გადაჭამეს". მისი სიტყვებით, მოსახლეობის შემოსავლის მესამედი საბანკო პროცენტების გადახდას ხმარდება, რაც მიუღებელია.

 

ყველა ახალი ამბავი
0