„უკმაყოფილების მიზეზი არ არსებობს" – ევროკომისარმა საქართველოს წარმატებები შეაფასა

გამოწერა
ევროკომისარმა მადლობა გადაუხარა ქართულ მხარეს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის ხელშეკრულების რეალიზაციის კუთხით.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველო დაკისრებულ ვალდებულებებს თავს კარგად ართმევს სხვა ქვეყნებთან შედარებით, განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში იოჰანეს ჰანმა.

ევროკომისარი საქართველოში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ევროპული სკოლის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად ორდღიანი ვიზიტით ორშაბათს ჩამოვიდა. იგი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკანიანს. მოგვიანებით კი ის პრემიერ მამუკა ბახტაძესთან გამართავს შეხვედრას.

საქართველო და ევროკავშირი უფრო მეტი დაახლოების გზაზე - საგზაო რუკის კონცეფცია მზადაა>>>

„გამოწვევები მუდმივად არსებობს, მაგრამ სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველო კარგად ართმევს თავს ვალდებულებებს, უკმაყოფილების მიზეზი არ არსებობს", – ციტირებს ჰანის სიტყვებს ტელეკომპანია Rustavi2.

ევროკავშირისა და საქართველოს დროშები ევროპის მოედანზე - Sputnik საქართველო
ევროპა საქართველოს ფინანსურ დახმარებას გაუწევს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს ევროკომისარმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის ხელშეკრულების რეალიზაციის კუთხით. მან ასევე მაღალი შეფასება მისცა სატრანზიტო კავშირების განვითარებას.

„საქართველო არის ძირითადი სტრატეგიული პარტნიორი – რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობისა და ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციას, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს მთელი რიგი საშუალებები და პოტენციალი, რომელთა რეალიზებაც უნდა მოხდეს", – ციტირებს იოჰანეს ჰანს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ჰანმა ასევე თბილისში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ევროპული სკოლის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ეს გახლავთ ინვესტირება მომავალში, ჩვენ გავაგრძელებთ ინვესტირებას განათლების სფეროში. მაღალ შეფასებას ვაძლევ თქვენ წვლილს განათლებისა და ინოვაციის სფეროში, რაც არის ძირითადი მიმართულებები და ახალი მთავრობის მთავარი ფოკუსი", – განაცხადა ევროკომისარმა.

ევროკომისარმა ასევე დადებითად შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში, რომელიც ივლისში გაიმართა. ამასთან ერთად ჰანმა მზადყოფნა გამოთქვა, მონაწილეობა მიიღოს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ათი წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც ბათუმში გაიმართება.

საქართველოს ბიომეტრიული პასპორტი - Sputnik საქართველო
ამბიციური პასპორტი - საქართველოს მოქალაქეობის მიღება გართულდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ევროკომიის შერჩევის საფუძველზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ევროპული სკოლა პირველ ეტაპზე კერძო სკოლის – „ახალი სკოლის" ბაზაზე განთავსდება. ევროპული სკოლისთვის ახალი შენობა აშენდება ნაკვეთზე, რომელიც საქართველოს მთავრობისა და თბილისის მერიის თანამშრომლობით იქნა გამოყოფილი.

სკოლისთვის მოსწავლეებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ექვსი ქვეყნიდან შესაბამისი საკონკურსო პირობებით შეარჩევენ. 2018-2019 სასწავლო წლისთვის უკვე შერჩეულია 30 მოსწავლე.

საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების განვითარება 2006 წელს დაიწყო. ეს ურთიერთობა 2009 წლისთვის ბევრად მჭიდრო გახდა, როდესაც საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამას შეუერთდა. პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ექვს ქვეყანასთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან.

2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი ზონის შესახებ.

2017 წლის 27 მარტიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის ვიზები გააუქმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0