თბილისი, 28 მაისი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულმა ინერტული მასალების უკანონოდ მოპოვებაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით 10 ათასი ლარი შესთავაზა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელს.
სააგენტოს თანამშრომლებმა დამნაშავე შეთავაზებული ქრთამის ნაწილის — 3 ათასი ლარის გადაცემის ფაქტზე დააკავეს.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით („ქრთამის მიცემა უკანონო ქმედების ჩასადენად"), რაც ითვალისწინებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.