სპეცოპერაცია თბილისის ღამის კლუბებში: ბოლო ცნობები

© Sputnik / STRINGERსპეცრაზმი და პოლიცია პარლამენტის შენობის წინ რუსთაველზე
სპეცრაზმი და პოლიცია პარლამენტის შენობის წინ რუსთაველზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შსს საგანგებო ბრიფინგს გამართავს

თბილისი, 12 მაისი – Sputnik. თბილისში ღამის კლუბებში 12 მაისის ღამით ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ახალ აქციას ააანონსებს და განცხადებას ავრცელებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

We dance together, we fight together – ამ სლოგანით „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ დღეს პარლამენტთან აქციას გამართავს, – ამის შესახებ ინფორმაცია „თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ სოციალურ ქსელში გაავრცელა. აქცია პარლამენტთან 15:00 საათზეა დაანონსებული.

„ეჭვგარეშეა, რომ სახელმწიფომ ბრძოლა გამოუცხადა დამოუკიდებელი საქართველოს კულტურის ერთადერთ სფეროს, რომელმაც არამხოლოდ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, არამედ პირველ რიგში, სწორედ მისი სოციალური ღირებულებებიდან გამომდინარე უჭირავს წამყვანი ადგილი მსოფლიო სცენაზე… ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, უკომპრომისოდ ვერთვებით ღიად გამოცხადებულ ომში ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულების — თავისუფლებისა და საკუთარი მომავლის დასაცავად!“, — ნათქვამია განცხადებაში.

გამთენიისას ასობით ადამიანი შეიკრიბა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ — შეკრებილები გამოხატავდნენ პროტესტს თბილისის პოპულარულ ღამის კლუბებში შსს-ს სპეცოპერაციასთან დაკავშირებით.

სტიქიური საპროტესტო აქცია რუსთაველზე - ახალგაზრდობა ქუჩებში გამოვიდა - Sputnik საქართველო
სტიქიური საპროტესტო აქცია რუსთაველზე - ახალგაზრდობა ქუჩებში გამოვიდა

შსს-ს სპეცოპერაცია ღამის პირველ საათზე ერთბაშად ორ კლუბში დაიწყო — „ბასიანში“ და „გალერიში“. კლუბის შენობაში შევარდა სპეცრაზმი და ნარკორეალიზატორების დაკავების სპეცოპერაცია დაიწყო, იქ მყოფი ყველა ადამიანი გარეთ გაიყვანეს. 

აქციაზე დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, როდესაც მონაწილეები გზის სავალ ნაწილზე გადადიოდნენ. 

ტელეკომპანია „იმედის“ (Imedi) ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა რაოდენობა 30-ს აღწევს. დაუზუსტებელი მონაცემებით, მათ შორის ორი უცხოეთის მოქალაქეა. შსს დაკავებულთა რაოდენობას ჯერჯერობით არ ასაჯაროებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულია პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ აქტივისტი ბექა წიქარიშვილი, კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი მფლობელი ზვიად გელბახიანი. საპროტესტო აქცია ამ დროისათვის დასრულებულია.

შსს-ს ინფორმაციით, „აღნიშნულ კლუბებში შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა, ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი დააკავეს“. დღეს ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შსს-ში საგანგებო ბრიფინგი იგეგმება.

სპეცოპერაციის დეტალები: ვიდეოკადრები ღამის კლუბებიდან - Sputnik საქართველო
სპეცოპერაციის დეტალები: ვიდეოკადრები ღამის კლუბებიდან

ღამის კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით დაკავებული ორი პირის ადვოკატი გიორგი სიმონიშვილი აცხადებს, რომ ისინი კლუბებში არ აუყვანიათ. მისი თქმით, დაკავებულებისთვის გამოძიებას ჯერ ბრალი არ აქვს წაუყენებია.

„ჯერ არ გვაქვს მტკიცებულებები – ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ, რა გარემოებებია, რა მტკიცებულებებია. ერთადერთი, შემიძლია ვთქვა, რომ მშვიდ ვითარებაში დააკავეს – ერთ-ერთი „მაკდონალდსთან“, მეორე დიღომში“, – აცხადებს ადვოკატი.

სპეცოპერაციას წინ უსწრებდა აჟიოტაჟი ახალი „კლუბური ნარკოტიკის“, მეფედრონის გამო, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, ხუთი ახალგაზრდის სიკვდილის მიზეზი გახდა. ერთი თვის განმავლობაში ძლიერი ინტოქსიკაციით საავადმყოფოებში რვა ადამიანი მოხვდა, თუმცა შსს-ს ექსპერტიზის შედეგები ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ნარკომომხმარებელთა მიმართ კანონმდებლობის შერბილების გეგმების მიუხედავად, ნარკორეალიზატორების მიმართ მთავრობის პოლიტიკა მკაცრი იქნება.

 

ყველა ახალი ამბავი
0